ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკა განსაზღვროს

კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” ხელისუფლებას მოუწოდებს  რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკა განსაზღვროს.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვას ჟენევის ფორმატის დაკნინება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრაღის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების შემთხვევაში, დახვეწოს იგი, რაც გულისხმობს მოლაპარაკებების მანდატის მკაფიოდ ჩამოყალიბებას და ქართული მხრიდან მისი ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტატუსის განსაზღვრას. ამასთანავე, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა დიპლომატიური და ინფორმაციული საშუალება და საერთაშორისო ტრიბუნა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრული ინფორმირებისთვის.

“რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ძირს უთხრის არა მხოლოდ საქართველოს თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას, არამედ ემუქრება უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთლიანად ევროპაში. რუსეთის აგრესიული და რევიზიონისტული პოლიტიკის გამო იცვლება რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულება. ხდება ევროპული უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის ფორმირება, რომლიც ნაწილიც საქართველოს საკითხებიც უნდა გახდეს.

რუსული ოკუპაციის თემატიკის მუდმივად დაყენება საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში უნდა გახდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცენტრალური საკითხი და ქართული დიპლომატიური კორპუსის ყოველდღიური საზრუნავი.

ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც შეამცირებს ამგვარ ძალისხმევას – შექმნის ილუზიას რომ საქართველო ან შეეგუა ოკუპაციის ფაქტს და ნაკლებად აქტუალურად მიაჩნია ის, ან ამ პრობლემის გადასაწყვეტად მხოლოდ რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე ამყარებს იმედებს, – შეასუსტებს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ჩართულობას და მაშასადამე გავლენას რუსეთზე, რაც დამღუპველი იქნება ქართული სახელმწიფოებრიობისათვის”.- ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციის განცხადებით, ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი მხოლოდ ართულებს საქართველოს მდგომარეობას, ქმნის არსებული ვითარების მცდარ აღქმას ზოგიერთი პარტნიორის მხრიდან და მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციებია:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  5. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  6. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  7. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  10. მწვანე ალტერნატივა
  11. საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი
  12. მედიის განვითარების ფონდი
  13. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  14. საზოგადოება და ბანკები
  15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  17. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  18. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
  19. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი
  20. ხმა საქართველოდან
  21. ლიბერალური აკადემია თბილისი
  22. კავშირი საფარი
იტვირთბა....