“- ბატონო ლეონტი, როგორ გესახებათ კაცობრიობის მომავალი და აქვს თუ არა ახლო ან შორეულ მომავალში საყოველთაო მშვიდობას თუნდაც პაწია შანსი?
– იცით, ხორცშესხმულ ოპტიმიზმს შორტებს თუ ამოაცვამთ და სათვალესაც გაუკეთებთ, ჩემგან ამის შემდეგ მას ძნელად განასხვავებთ… და მიუხედავად ამისა ადამიანი, მისი საკუთარი თავისადმი და გარემოსადმი დღევანდელი დამოკიდებულებით, განწირულია.
მისი გონება “კატასტროფული” (აქ ბრჭყალები შეიძლება ზედმეტიც იყოს) სისწრაფით ვითარდება და რა სავალალოც არ უნდა იყოს ფაქტია, რომ პროდუქტს, რომელსაც იგი გონების პროგრესის შედეგად ღებულობს, ძირითადად სხვა ადამიანის, სხვა ადამიანთა ჯგუფების წინააღმდეგ გამოყენების პერსპექტივას უკავშირებს.
ადრე თუ გვიან, და დამიჯერეთ უფრო ადრე, ვიდრე გვიან, ადამიანებით გადავსებული პლანეტა კიდევ უფრო და გაცილებით უფრო მძაფრად აღიქვამს ამა თუ იმ ბუნებრივი რესურსის უკმარისობას და აქედან გამომდინარე ადამიანიც გაცილებით უფრო აგრესიული, გაცილებით უფრო შეუნიღბავი მეთოდებით დაიწყებს მათთვის ბრძოლას, ვიდრე დღეს იბრძვის.
რაში მდგომარეობს გამოსავალი? გამოსავალის აუცილებელი წინაპირობა ასე ჟღერს: ეროვნულმა ინტერესმა ადგილი უნდა დაუთმოს პლანეტარულ ინტერესს!.. არა, თქვენ ვერ გამიგეთ! ამით არ ვგულისხმობ ორგულ და ცრუ ფორმალობას… არ ვგულისხმობ ამა თუ იმ სამთავრობო თუ სამეცნიერო ჯგუფებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ათასგვარ ფორუმებზე მიმოცვლილ და ქაღალდზე გადატანილ მოსაზრებებს, რომლებიც მხოლოდ დოკუმენტის, ქაღალდის მახსოვრობას შემორჩება ხოლმე და რომელთა გაფორმების შემდეგაც უპირველეს და უმთავრეს ადგილს კვლავ ეროვნული ინტერესის პროპაგანდა და მისი აგიტაცია იკავებს… არა!.. ამით ხალხების გონებებიდან სხვაზე უპირატესობის შეგრძნების ამოძირკვას ვგულისხმობ… ამით საგნებისადმი – მე ქართველი ვარ და ყველაზე უკეთესი ვარ მიდგომის, მე ადამიანი ვარ და მე გულახდილი ვარ მიდგომით შეცვლას და მის გონებებში ჩათესვა-გამოზრდას ვგულისხმობ.”
(ინტერვიუ სიტყვასთან)
ეთიკა
დღევანდელი ადამიანის ეთიკის ნორმები მთლიანობაში, რა თქმა უნდა, მოწონებას იმსახურებს! რასაკვირველია სასიხარულოა, რომ გონებამ ადამიანში მოიწონა ღიმილზე ღიმილით პასუხის აუცილებლობა, გამოიცნო, დაინახა რა კეთილგანწყობაზე კეთილგანწყობით რეაგირების სილამაზე და დამიჯერეთ, ეს სულაც არ არის თავისთავად საგულისხმო ფაქტი.
მაღაზიაში თქვენს წინ მდგომმა მყიდველმა ბოლო ქილა მაიონეზი თუ იყიდა, თქვენ, გამართული გონების პატრონი, არ მივარდებით მას და არ შეეცდებით სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ წარმართვას, არ შეეცდებით მაიონეზის წართმევას. თავისუფლად დასაშვებია, რომ სცენარი სახელად “ევოლუცია” სულ სხვა მიმართულებით წასულიყო… თუმცა მეორე მხრივ ასეთ შემთხვევაში არ გვექნებოდა არც ქილა, არც მაიონეზი… ისევე როგორც მათი მოთხოვნილება. მოკლე მაგალითი ფაუნიდან. მაგალითად ლომი, რომელშიც იგივე გონი ფუნქციონირებს, მხოლოდ ნაკლებად პლასტიკური, მოუქნელი, “უვიცი გონი” დავარქვათ, შეუღრენს, კბილსაც კი გაჰკრავს უახლოეს ნათესავს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მას ჭამის დროს მიუახლოვდა და დამეთანხმებით, რომ პრაიდის არცერთი წევრი მისი ამ საქციელით არ აღშფოთდება.
ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებს ეთიკის მსგავს ნორმებთან საერთო არაფერი აქვთ. მათი უამრავი წარმომადგენლის სიცოცხლეს სისასტიკე (ამ სიტყვის ადამიანური გაგებით) ლეითმოტივად გასდევს და მიუხედავად ამისა ისინი, ადამიანისგან განსხვავებით, სამოთხეში ცხოვრობენ… არსებობის მათი შეგრძნება, ყოფიერების შეგრძნება, მთლიანად ფარავს მოვლენის ანალიზის თვისებას… გონების პოტენციურ შესაძლებლობას.
ადამიანმა, აამუშავა რა გონებაში ანალიზი როგორც მექანიზმი, ვარაუდებით ჩაქოლა, კითხვებით დაფარა პასუხი, რომელიც ერთ დროს ცნობილი იყო… დაფარა კითხვებით, რომლებმაც პასუხის დამარხული მდგომარეობის გამო გონებაში ფარულის, უხილავის, იდუმალის წინაშე შიში გამოზარდეს… რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ეთიკის, როგორც ერთგვარი ფარის, როგორც ღირსების, სახის შენარჩუნების ინსტრუმენტის წარმოშობას… გონების მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ინსტრუმენტის წარმოშობას. მოვა დრო, და ის აუცილებლად მოვა, თუ ადამიანმა მანამდე თავი არ აიფეთქა, როცა გონება მის მიერვე დამარხულ პასუხს გამოათავისუფლებს, მის მიერ დაკანონებულ ფასეულობათა დიდ ნაწილს ფასი დაეკარგება და მხოლოდ ეთიკა დარჩება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მონაპოვრად.
იდუმალება
დავუბრუნდეთ ფლორას და ფაუნას. ჩვენს შორის სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, ბეწვიან, ნისკარტიან, ფოთლიან და ყვავილიან სამყაროს კითხვები არ გააჩნია… ისინი პასუხში, სამოთხეში ცხოვრობენ და მათი გონება, ეთიკის ნორმებს უზიარები გონება, ადამიანის გონებისგან განსხვავებით თავისთვის სასარგებლო მდგომარეობაში იმყოფება. მას არ აქვს ანალიზის თვისება და ესე იგი არ აქვს იდუმალების წინაშე შიში; არ აქვს იდუმალების წინაშე შიში და ესე იგი არ აქვს სიკვდილის წინაშე შიშიც; არ აქვს სიკვდილის წინაშე შიში და ესე იგი არ აქვს სიკვდილი… ესე იგი უკვდავია!
მომაკვდავ ადამიანთა უმრავლესობა აღვსილია შიშისა და სინანულის განცდით. მათში დიდი სიმძლავრით მიმდინარეობს როგორც წარსულის, ისე სავარაუდო მომავლის ანალიზი. სიტყვა “სტრესი” ბოლომდე ვერ შესძლებს იმ მდგომარეობის აღწერას, რომელშიც ახლო მომავალში სიკვდილისთვის განწირული ადამიანი იმყოფება… თუმცაღა საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რაც უფრო მეტად ახლოვდება იდუმალებაში ფეხის შედგმის ჟამი, მითუფრო სტაბილურდება მომაკვდავის დაძაბული ემოციური ფონი. იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურ ტკივილს არ აქვს ადგილი, მომაკვდავს ყველა შანსი აქვს უკვე აქ და ეხლა შესწვდეს პასუხს… მოლოდინისას ამოწუროს გადახურებული ანალიზის რესურსი და… შეიცნოს!.. მადლიერების უსაზღვრო განცდას მიეცეს… შიში დააძინოს, სინანული კი გააღიმოს. ზუსტად ასეთ მდგომარეობაში იმყოფება სიცოცხლის გაწირვის პროცესში მყოფი გმირი.
არ დაბადებულა და არ დაიბადება ადამიანი, რომლის თავშიც თავგანწირვის წინა პერიოდში და უშუალოდ პროცესისას ანალიზის, ფიქრის უმოკლესი ტალღა მაინც გაიელვებს!.. მხოლოდ კადრები… კადრები და ხმები… ულამაზესი კადრები და უსაყვარლესი ხმები… მახსოვრობიდან ამოკრეფილი, მადლიერებით, მომღიმარი სინანულით მოპირკეთებული კადრები და ხმები. ადამიანის ასეთი მდგომარეობა ღმერთის გულში ჩახუტების, იდუმალების ამოხსნის მდგომარეობაა!
გულახდილობა
კაცობრიობის დღევანდელი კრებითი გონება შეგვიძლია მაღალაალებადი საწვავით სავსე მგორავ ცისტერნას შევადაროთ, რომლის მოცულობაც და სისწრაფეც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და იმავდროულად უმიზნოდ მიქრის. მას გაჩერების ბოლო პუნქტი არ გააჩნია და არც უნდა გააჩნდეს, ოღონდ… ის წამდაუწუმ “უცხო სხეულებს” ეჯახება, ამტვრევს და საკუთარ თავსაც უდიდეს საფრთხეში იგდებს. ადამიანი გონების მისი დღევანდელი მეთოდებით განკარგვით ვერასოდეს ვერ გავა ყოფიერების უფრო მაღალ დონეზე… კი, აალაპარაკებს ჩანგალს, კარაქიან პურს კარაქზე და პურზე გააგზავნის მაღაზიაში, მაგრამ დარჩება ისევ ისეთ ხარბ და გაუმაძღარ, დაბალგანვითარებულ არსებად, როგორიც შუა საუკუნეებში იყო, როგორიც დღეს არის… გონის დღევანდელი მეთოდებით განკარგვით სულიერ-გონიერი ადამიანისგან ვერასოდეს ვერ მივიღებთ ხორციელ-გონიერ ღმერთს… ძალაუფლებისთვის ბრძოლა სცენარის ასეთ განვითარებას პაწია შანსსაც კი არ უტოვებს. გონების, “საწვავით სავსე ცისტერნის”, სწორი მიმართულებით გორვა ადგილს უთმობს ძალაუფლებისთვის ბრძოლას ნებისმიერი მასშტაბითა და ნებისმიერი მიმართულებით. საწვავით სავსე ასეთი ცისტერნა რა თქმა უნდა აფეთქებისთვის არის განწირული… რაც თავის მხრივ რა თქმა უნდა კაცობრიობის აფეთქებასაც გამოიწვევს.
გონება ყოველთვის ფეთქებადი იყო, მაგრამ აფეთქების პოტენციური სიმძლავრე არასოდეს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორიც დღეს. ადამიანს პლანეტის თავის თავთან ერთად აფეთქება არასოდეს შეეძლო – დღეს შეუძლია!
რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ გონება “თავისუფალი ვარდნის” შედეგად კაშკაშა სინათლედ აბრდღვიალდეს? რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი ჭეშმარიტებას თავზე ეკლის გვირგვინის ნაცვლად, ყელზე ბრწყინავ ძეწკვად მოევლოს? – გ უ ლ ა ხ დ ი ლ ო ბ ა!
გამოცანა?.. არა! – პანაცეა!
სამარცხვინო საიდუმლოს ინახავთ? ახადეთ ფარდა და გაქრება!
სიძულვილს მალავთ? ახადეთ ფარდა და გაქრება!
გეშინიათ? აღიარეთ, ახადეთ ფარდა და გაქრება!
შიში თქვენი გონების პირველი ვეზირია, შეუტიეთ, დაამარცხეთ, გაათავისუფლეთ ტყვეობიდან გონება და დამიჯერეთ იგი თქვენთან ახლოს გაცნობით განცვიფრებული, აღფრთოვანებული, მოჯადოებული დარჩება!.. თქვენზე უზომოდ და უპირობოდ შეყვარებული დარჩება.
საყოველთაო გულახდილობა საყოველთაო კმაყოფილების, ბედნიერებისა და აქედან გამომდინარე საყოველთაო მშვიდობის გავრცელებას შეუწყობს ხელს. ამისთვის კი “ინფიცირების” ეფექტია აუცილებელი. რაც უფრო მეტი ადამიანი “დაავადდება” გულახდილობით, მითუფრო სწრაფად გავრცელდება “ინფექცია”. ადამიანი, რომელიც სხვისგან მოისმენს იმას, რასაც თვითონ ცხრაკლიტულის მიღმა მალავს, თავად აინთება გულახდილობის მანიით, მიხვდება რა, იგრძნობს რა, თუ რასთან აქვს საქმე. რასაკვირველია უსაზღვრო გულახდილობა პირდაპირ გავლენას იქონიებს ადამიანის ყოველდღიურობაზე, მის ყოფაცხოვრებაზე, მაგრამ ეს სულაც არ იქნება მისთვის მავნებელი.
ზე-გულახდილობა კაცობრიობას ზე-ჰუმანიზმის შეუფასებელ ძღვენს უბოძებს!
და ბოლოს, გახსოვდეთ!.. გულახდილი ადამიანი უშიშარი ადამიანია! უშიშარი ადამიანიკეთილშობილი ადამიანია! კეთილშობილი ადამიანი კი… გულახდილი ადამიანია!..
ვასო შონია