ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იყო თუ არა მუქარა: „ოცნების” კოორდინატორის მიმართ შესაძლოა საქმე აღიძრას

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” კაჭრეთში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ უნდა დადგინდეს აუდიოჩანაწერის ავთენტურობა, რადგან ჩანაწერის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს.

“26 ოქტომბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების” კოორდინატორი კაჭრეთის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ემუქრება. როგორც აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, სავარაუდოდ „ქართული ოცნების” კოორდინატორი, გივი რამაზაშვილი კაჭრეთის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ არის წარდგენილი, ემუქრება და აფრთხილებს, არჩევნების დღეს არ გამოცხადდეს უბანზე.

მიგვაჩნია, რომ აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე”

განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მუქარა არჩევნებამდე ორი დღით ადრე საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ პოლიტიკური ნიშნით ხორციელდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ ეს შემთხვევა და კანონის დარღვევის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის პასუხისმგებლობის ზომებს. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, თავის შეიკავონ მსგავსი მეთოდებით საარჩევნო კამპანიის წარმოებისგან”. – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კოორდინატორი კაჭრეთის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ემუქრება. გივი რამაზაშვილი, მეტსახელად ჭახანა, ნიკა მაზანაშვილს 30 ოქტომბერს კომისიაში მისვლაზე უარის თქმას აიძულებს.

“ქართულ ოცნებაში” კოორდინატორის მუქარის გამო კომენტარები არ გაკეთებულა. გივი რამაზაშვილმა კი სატელეფონო საუბარში მომხდარი ფაქტი უარყო.

იტვირთბა....