ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც უსახლკარო ადამიანებს აღრიცხავს.
კვლევა სახელწოდებით „უსახლკარობა სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა“ არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გააცნო.
ჯანდაცვის სამინისტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსის, თეა გვარამაძის განცხადებით, სახელმწიფოს დაწყებული აქვს უსახლკაროთა პრობლემების მოგვარების სტრატეგიაზე მუშაობა, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს სტატისტიკა, თუ რა რაოდენობის მიუსაფარი ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში.
უსახლკაროთა პრობლემების მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიაში მოხდება სტატისტიკის შემუშავებაც და საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობაც. თეა გვარამაძის ინფორმაციით, კვლევაზე გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, უწყება აუცილებლად გაითვალისწინებს და ასახავს სტრატეგიაში.