ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამა აცხადებს, რომ გამოძიებას ენდობა

„კრწანისის“  სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამა რომან შენგელია აცხადებს, რომ  გამოძიებას ენდობა:

„კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის, იმიტომ, რომ იმ ადგილის დათვალიერების საშუალება მომცეს, სადაც ჩემი შვილი მოკლეს. ბავშვზე მკითხეს სად არისო. არ ვიცი სად არის, არ დამკავშირებია საერთოდ და ხომ არ მოვიტყუებთ. ვუთხარი რომ არ ვიცი“, – განაცხადა რომან შენგელიამ.

გარდაცვლილის მამა სამხედრო პოლიციის შენობაში  გამოკითხვაზე ორ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. შენგელია არც იმას გამორიცხავს, რომ ცხედარს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირები 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე შეიჭრნენ. სამი უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.

გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელია ერთ-ერთი თავდამსხმელია იმ სამიდან, ვინც 23 ოქტომბერს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროისთვის, მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....