თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის აცხადებს, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტისას დაღუპული გიგა შენგელიას მამამ პოზიცია ზეწოლის გამო შეცვალა.
მისი თქმით, მოსალოდნელიც იყო რომან შენგელიას განცხადება, რომ გამოძიებას ენდობა.
მისი აზრით, თავდაცვის სამინისტრო ახლა ცდილობს სისტემური პრობლემის დამალვას, რომელიც უცხო პირების სამხედრო ბაზაზე შესვლას ეხება და რასაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს.
„პირველ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა, საუბარი იყო თავდასხმაზე კრწანისის სასწავლო ცენტრზე. მერე ეს შეიცვალა და ახლა გამოძიება ხელოვნურად მიჰყავთ ქურდობისკენ, ან ძარცვისკენ. ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დაიმალოს ის პრობლემა, რომელიც იქ არსებობს. ნებისმიერი პროფესიონალი გეტყვით, რომ აქ არის საუბარი უცხო პირთა შესვლაზე სამხედრო ბაზაზე. სავარაუდოდ, ეს იყო სისტემატური ხასიათის. ქუჩიდან თქვენ იქ ვერ შეხვალთ. ეს არ არის რუსთაველის „მაკდონალდსი“, სადაც როდესაც გინდა შეხვალ, როდესაც გინდა, გამოხვალ. მოშორებულია ტრასიდან. ბაზა არის დაცული. ბაზის გარშემო დამაგრებულია სათვალთვალო კამერები. არის რამდენიმე საგუშაგო, არსებობს თავდაცვის ზღუდეები. გასროლა მოხდა არა საგუშაგოებიდან, რომელიც პერიმეტრს იცავს, არამედ თვითონ ტერიტორიაზე. ყველა პროფესიონალი, ვისაც ვესაუბრე, თანხმდება, რომ შემთხვევით გუშაგმა ეს ხალხი დაინახა. აბსოლუტურად შემთხვევით მოხდა მათი შეხვედრა და გუშაგმა სამწუხაროდ, ესროლა, მაგრამ ის არამარტო უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო, გამოეყენებინა ცეცხლსასროლი იარაღი. მთელი პრობლემა არის ის, რომ სისტემური დანაშაულის ნიშნები არსებობს. ჩვენ არ ვართ დაცულები, რომ ხვალ ვინც მოვა, იარაღს არ წაიღებს იქიდან. თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ დამალოს პრობლემა, იმიტომ, რომ მაშინ დგება კონკრეტული ოფიცრების და თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხი. ვინ დაუშვა, რომ ვისაც უნდა შემოდის ბაზაზე და ვისაც უნდა გამოდის?“, – განაცხადა შაშკინმა.
„მე მაქვს საფუძვლიანი, ჩემი ეჭვი, რომ სავარაუდოდ, ეს იყო რომელიმე ოფიცრის, კაპრალის ან სერჟანტის დონეზე მოგვარებული საკითხი, რომ ისინი ატარებდნენ მეგობრებთან მოსულ სამოქალაქო პირებს“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო შეცდომას უშვებს, როცა არ ითვალისწინებს, რომ იქ არიან აშშ-ის და ნატო-ს ოფიცრები და ამერიკის მთავრობა, ისევე, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავის გამოძიებას ჩაატარებს, რომელიც არ იქნება საჯარო, თუმცა თავდაცვის სამინისტროსთან „სერიოზული საუბრები“ ექნებათ.
მისივე თქმით, ეს პრობლემები უწყებაში დიდი ხნის წინ დაიწყო და ლევან იზორიას ბრალი მხოლოდ ის არის, რომ ახლა აძლევს თავის აპარატს უფლებას, დამალონ რეალური ფაქტები.
იტვირთბა....