ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არჩევნებამდე 3 დღით ადრე: როგორ აირჩევს ცესკო კომისიის წევრებს

 

“თავისუფალმა დემოკრატებმა” საუბნო საარჩევნო კომისიებიდან 400-ზე მეტ წევრი გამოიწვიეს. როგორც პარტიის ლიდერმა ნინო გოგუაძემ განმარტა, გაწვევის მიზეზი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიის საწინააღმდეგოდ მათი მიზანმიმართული ქმედება იყო. გოგუაძე ამბობს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები შეგნებულად აფუჭებდნენ ბიულეტინებს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

„მადლობას ვუხდი თავისუფალი დემოკრატების იმ წევრებს, ვინც ბოლომდე იბრძოდა კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად, მაგრამ სამწუხაროდ ბევრ უბანში ასეთ რამ არ მოხდა თუ ვერ მოხდა და ამიტომ თავისუფალმა დემოკრატებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი რიგი უბნებიდან მოგვეხსნა კომისიის წევრები.”- ამბობს გოგუაძე.

საუბნო კომისიიდან საკუთარი წარმომადგენლები ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულმა მოძრაობამაც” გაიწვია. ბურჯანაძე უფრო შორს მიდის და საკუთარ მომხრეებს მოუწოდებს არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.

როგორ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე სამი დღით ადრე საუბნო კომისიის წევრების შერჩევას, რათა საარჩევნო პროცესი არ დაზიანდეს?

“მეტრონომთან” საუბარში ცესკოს პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე განმარტავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს რამდენიმე საათი ეძლევათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ ამ პერიოდში ისინი არ შეცვლიან გადაწყვეტილებას წევრების გამოწვევის შესახებ, ამ შემთხვევაში საოლქო კომისია შეარჩევს საუბნო კომისიის წევრებს.

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის 17 ოქტომბრის დადგენილებით, პირველი ტურებისთვის შექმნილი საუბნო-საარჩევნო კომისიები ახორციელებენ უფლებამოსილებას მეორე ტურებისთვის. საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრი იმ შემთხვევაში თუ პარტიის მიერ დანიშნულია და მას უფლებამოსილების ვადა შეუწყდება, შეტყობინებიდან ორი დღის ვადაში, პარტიას აქვს შესაძლებლობა დანიშნოს კომისიის ახალი წევრი. იმ შემთხვევაში თუ პარტია აღნიშნულ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს, ანუ კომისიის წევრს არ დანიშნავს, ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია გამოაცხადებს კონკურსს და აირჩევს კომისიის წევრებს”. -აცხადებს მიქელაძე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” არჩევნების პროცესის შეფასებისას, ერთ-ერთ ძირითად საკითხად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დაბალ კვალიფიკაციაზე მიუთითებს და ცესკოს რეკომენდაციით მიმართავს აღნიშნულ საკითხზე მეტი იმუშაოს.

აღსანიშნავია, რომ ცესკოში ვერ ასახელებენ იმ კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც საოლქო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს. მცდელობის მიუხედავად, რთულია გაიგო რა დგას “პროფესიული ნიშნით შერჩევის” უკან.

მარიამ ვარადაშვილი

 

იტვირთბა....