თავდაცვის სამინისტროს ბაზა ”კრწანისში” დაღუპული გიგა შენგელიას მამამ რომან შენგელიამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა.
სასწავლო ცენტრიდან გამოსულმა რომან შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა კითხვაზე რაც აქამდე ჰქონდა, პასუხი მიიღო:
„ბაზის გარეთ იყო ნაპოვნი, მაგრამ შემთხვევა შიგნით მოხდა. დავათვალიერე ადგილი სადაც მკვლელობა მოხდა. რაც კითხვები მქონდა იმის პასუხები უკვე მივიღე. სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე უკვე მიღებული მაქვს პასუხი. ფაქტია, ზურგიდან აქვს ნასროლი, ტერიტორიიდან მირბოდა და ზურგში მოხვდა ტყვია, გამოძიებას უნდა დაველოდოთ.
ისეთ ადგილას იყო გვამი ნაპოვნი, გუშაგი ვერ ნახავდა. შესაძლოა გადარჩენილიყო, მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს რომელ საათზეა ნათქვამი. ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა“, – განაცხადა შენგელიამ.
როგორც გარდაცვლილის მამამ აღნიშნა, მას ანახეს სურათი სადაც ე.წ. ”გაზის პისტოლეტი ” იყო ასახული.
მისი განცხადებით, მეორე შვილი, რომელიც მიმალვაშია, საქართველოში იმყოფება. ხოლო მიმალვაშია იმიტომ, რომ ეშინია:
”მეორე დღეს დამირეკა. რამდენჯერმე იყო შემოსული მისი ზარი. როდესაც ველაპარაკე, მითხრა, რომ შემთხვევის დროს ძმასთან ერთად არ იყო. ახლა იმიტომ არის მიმალვაში, რომ პირველ რიგში ჩემი ეშინია. ხომ ითქვა გიორგის სახელი – ეშინია ბავშვს, ის 20 წლისაა. ვიცი, რომ საქართველოში იმყოფება, ქვეყანა არ დაუტოვებია”, – განაცხადა რომან შენგელიამ. მისივე თქმით, ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა მოხდა, სათვალთვალო კამერები მას არ უნახავს და, შესაბამისად, რაიმე ვიდეო ჩანაწერები მისთვის არ უჩვენებიათ.
რომან შენგელიას განმარტებით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მოითხოვს თუ არა დამოუკიდებელი ექსპერტიზას.
მისივე თქმით, დღეს დაკითხვაზეა დაბარებული.