საინფორმაციო სააგენტო ,,Kutaisi today” – ს თურქეთში, ქალაქ ანკარაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ინგა ივანიძე დაუკავშირდა. როგორც ივანიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, ის თურქეთში კარგად დაგეგმილი თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა, მის მსგავსად კი აღნიშნული სქემის მიხედვით, რამდენიმე ადამიანია დაზარალებული.
ემიგრანტი იმ კონკრეტული პიროვნებების სახელს და გვარსაც ასაჯაროებს, რომლებმაც ის სამსახურის დაპირებით ანკარაში ჩაიყვანეს.
,,თათია იამანიძე და მეჰმედ ჩალაქი, ეს ის პიროვნებები არიან, რომლებიც თურქეთში ხალხს იტყუებენ, შემდეგ ერთი თვე სადღაც ამუშავებენ და კუთვნილ გასამრჯელოს არ აძლევენ, მიზეზად კი მოაქვთ, რომ ისინი ჭარბწონიანები არიან, ბევრს ჭამენ, ან ენა არ იციან. სწორედ აღნიშნული პირების მსხვერპლი გავხდი მეც და ჩემსავით კიდევ ბევრი ადამიანია აქ“ – აცხადებს ჩვენთან საუბარში ივანიძე.
ივანიძე იმ გაუსაძლის პირობებზეც საუბრობს, რომელშიც ჩალაქისა და იამანიძის ჩაყვანილი პირები არიან.
,,შეყრილები ჰყავთ ქალები ერთ ოთახში, არანაირი პირობები არა აქვთ. ფარდასაც არავინ აწევინებთ, რომ თვალი არ მოკრან. გარეთ გასვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია“ – ამბობს ივანიძე.
დაზარალებული მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დაინტერესდნენ ამ საქმით, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ აღმოჩნდეს თაღლითური გარიგების მსხვერპლი.