თავადაცვის სამინისტრო კრწანისის ცენტრის ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს:
„23 ოქტომბერს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე, უცხო პირების შეჭრის ფაქტზე დაწყებული გამოძიება გრძელდება. საკითხის მაღალი საერთაშორისო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურთან. გამოძიების მიმდინარეობას აკვირდება სახალხო დამცველის აპარატი.
ამ დროისთვის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, დგინდება იმ პირთა წრე, ვისთან ერთადაც მოქმედებდა ბაზის ტერიტორიაზე შეჭრილი გ.შ., რომლის ცხედარიც შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, მას შემდეგ, რაც განხორციელდა შიდა პერიმეტრის დათვალიერება, ბაზასა და დასახლებას შორის არსებულ პერიმეტრზე იქნა აღმოჩენილი.
საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების მიზნით, აუცილებელია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ შემთხვევა მოხდა ბაზის უკანა შიდა პერიმეტრზე. გუშაგი იმყოფებოდა არა საგუშაგოში, არამედ ახორციელებდა განწესით გათვალისწინებულ შემოვლას. სწორედ შემოვლის დროს მან შენიშნა ბაზის შიგნით შესული უცხო პირები, რომლებიც სიტყვიერად გააფრთხილა შეჩერებულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა გუშაგს რკინის ცეცხლმაქრი ესროლა, მან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა და როდესაც დაინახა რომ ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, მხოლოდ მას შემდეგ მოხდა სროლა უცნობი პირების მიმართულებით. გუშაგმა ყველა ნორმის დაცვით, აბსოლუტური სიზუსტით იმოქმედა.
გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ბაზაზე არის სამხედრო პოლიციის დანაყოფი, შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მყისიერად მივიდნენ და დაიწყეს შესაბამისი პროცედურები. გამოიკითხა გუშაგი, მოხდა უშუალოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საიდანაც გაზის პისტოლეტი, ღამის მაშუქი, მობილური ტელეფონი და რკინის ცეცხლმაქრი ამოიღეს, რომლებიც სავარაუდოდ უცნობ პირებს ეკუთვნით. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ავტომატური იარაღის 5 მასრაც.
რადგან სიბნელის გამო, გუშაგის მიერ არ არსებობდა ზუსტი ინფორმაცია უცნობი პირების შემდგომი გადაადგილების შესახებ, პირველ რიგში აუცილებელი იყო შიდა პერიმეტრზე განლაგებული შენობა-ნაგებობების და საცავების დათვალიერება. მას შემდეგ, რაც იქ არავინ აღმოჩნდა, ოპერატიულმა სამსახურმა ბაზის გარე პერიმეტრზე დაიწყო სამძებრო სამუშაოები და სწორედ იქ მოხდა გ.შ-ს ცხედრის აღმოჩენა.
თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში ოჯახს მისცეს ინფორმაცია მომხდარზე, ასევე დაათვალიერებინოს შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავების მოქმედების არეალი და მათ ყველა კითხვას ადგილზე გასცეს პასუხი.
თავდაცვის სამინისტრო წინააღმდეგი არ არის, დაინტერესების შემთხვევაში, საქმეში ჩაერთონ დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა.”-ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტის შედეგად კრწანისის ცენტრის ტერიტორიაზე 23 წლის გიორგი შენგელია დაიღუპა. ის წარმოშობით ზუგდიდიდან იმყოფებოდა. მისი ოჯახის წევრები უწყების ინფორმაციას არ ენდობიან და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.