ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„მეცოდება მისი დედა“: პირველი რა თქვა „კრწანისის“ ცენტრში მომხდარის შემდეგ გუშაგმა

„ის რაც ”კრწანისის” ცენტრში მოხდა, აწუხებს ყველას და პირველ რიგში იმ გუშაგსაც, რომელსაც მთელი დღე ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, მომხდარის შემდეგ გუშაგმა პირველი რაც თქვა, ეს იყო: ” მე მეცოდება მისი დედა”.

”მე არ შევალ დისკუსიაში ოჯახის წარმომადგენლებთან. ძალიან მძიმეა ის, რაც მოხდა. ეს აწუხებს ყველას და ეს პირველ რიგში აწუხებს იმ გუშაგსაც, რომელსაც მთელი დღე ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა. პირველი რაც მან თქვა, ეს იყო ”მე მეცოდება მისი დედაო”. ჩვენ ადამიანები ვართ, ყველას გარკვეული ემოციები გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ჩვენი სახელმწიფოს წინაშე და საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, გუშაგი, რომელიც სავალდებულო სამსახურს იხდის თავისი ქვეყნის და სახელმწიფოს წინაშე, პირველადი მონაცემებით და აქ შემიძლია გარკვეული მხარეც კი ვიყო, როგორც თავდაცვის მინისტრი და დაბეჯითებით ვთქვა, გუშაგი მოქმედებდა აბსოლუტურად ნორმების შესაბამისად. ამის საფუძველს მაძლევს ის მტკიცებულებები, რაც იქ იქნა აღმოჩენილი, კერძოდ, 5 მასრა. გუშაგმა განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა, მანამდე კი სიტყვიერი გაფრთხილება, საპასუხოდ მიიღო თავდასხმა. შესაბამისად, მას ნორმა ავალდებულებდა მოქმედებას და ეს მოქმედება განახორციელა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნებოდა კანონდამრღვევი და აგებდა სისხლის სამართლის ნორმით პასუხს”, – განაცხადა იზორიამ.

მინისტრმა ოჯახის პრეტენზიას, რომ ცხედარი მოგვიანებით აღმოაჩინეს ტერიტორიაზე, უპასუხა, რომ ეს ფაქტი მოხდა მაშინ, როდესაც ხილვადობა ჭირდა, შესაბამისად, როცა ხილვადობა ასპროცენტიანი იყო ცხედარი მაშინ იპოვეს.

”სამხედრო პოლიცია ყოველთვის ბაზაზე იმყოფება. ასე რომ, მაშინვე იყო რეაგირება, მაშინვე დაიწყო გუშაგის გამოკითხვა. მაშინვე გამოცხადა გარკვეული ოპერატიული დანაყოფი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყო და ეს გარკვეულ გონივრულ ვადებთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება ცხედრის აღმოჩენას, ეს ფაქტი მოხდა დილის ოთხის ნახევარზე, როდესაც ხილვადობა ჭირს და როდესაც ხილვადობა იყო ასპროცენტიანი, მაშინ მოხდა მისი პოვნა 100 მეტრის რადიუსში”, – განაცხადა იზორიამ.

”ქრონიკის” ინფორმაციით, 2 დღის წინ აღნიშნულ ბაზაზე იყო ინციდენტი და საუბარია მატერიალურ დანაკლისზეც, ადგილზე აღმოჩენილი გაზის პისტოლეტი. კითხვაზე, იარაღი ხომ არ ეკუთვნოდა თვითონ ბაზას, იზორიამ აღნიშნა, რომ ეს გამორიცხულია.

”ასეთი ტიპის იარაღი იქ არ ინახება. თან ასეთი ტიპის იარაღი არის განსაკუთრებულად დაცული. შესაბამისად, გაზის პისტოლეტი საცავში არ ინახება, ასე რომ, ეს თავიდანვე გამორიცხულია. ეს იარაღი აღმოჩენილია შემთხვევის ადგილზე. ექსპერტიზა ტარდება ვის ეკუთვნის”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცვა მოახერხა.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....