მოკლულ გიგა შენგელიას მამის, რომან შენგელიას თქმით, მას და მის ოჯახს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. მან აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ. რომან შენგელიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება ეფექტურად არ წარიმართება, გარდაცვლილის სხეულს ზუგდიდის ცენტრში გადაასვენებს და საპროტესტო აქციას დაიწყებს.
,,ერთი შვილი სახლში მისვენია, მეორე შვილს არავის გავატან. ხვალ დილამდე ველოდები რეზულტატს, ამის შემდგომ მე თვითონ გავიტან ცხედარს სახალხოდ, ზუგდიდის ცენტრში და ვანახებ მაგათ თუ ვინ დამიდგება გვერდით. სხვა გზა არ დამრჩა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. 03:30 საათზე დაიღუპა ბავშვი და 07:30 იპოვეს. როცა უნდათ, მაშინ ყველაფერს 5 წუთში ნახულობენ. ჩემს მეორე შვილს დაანებონ თავი, ის ერთი დამრჩა. ერთი შვილი მომიკლეს და ახლა ცდილობენ მეორეს ,,უჩალიჩონ” რაღაც. ჩემს შვილთან საუბარი გუშინ მქონდა. მან მითხრა, რომ გიგა გოგოებთან იყო წასული. ამის მერე მასთან კომუნიკაცია არ მქონია, არ ვიცი სად არის. ჩემს შვილს რამე რომ მოუვიდეს, ან თვითონ უწიოს თავის თავს, ყველაფერზე წავალ. არაფერი მაქვს დასაკარგი”, – განაცხადა გუშინ რომან შენგელიამ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.