კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა პირველ კომენტარს აკეთებს. რომან შენგელია ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მისი შვილისა და ორი თანმხლები პირის მიერ ბაზაზე უკანო შეღწევასა და თავდასხმას ეხება, სიმართლეს არ შეესაბამება.
გიორგი შენგელიას მამა ამბობს, რომ მის შვილს ტყვია ზურგში აქვს ნასროლი, რაც მისივე განცხადებით ადასტურებს, რომ გიორგი შენგელია გაქცევისას მოკლეს.
„გამოიძიონ სწორად, როგორც არის საჭირო. იარაღი ჩემს შვილს არასდროს არ ჰქონია, ყაჩაღი არასდროს არ ყოფილა, ნასამართლევი არ არის და ახლა, თუ მეგობრის სანახავად მივიდნენ, ეს არ ვიცი, გაარკვევს ალბათ გამოძიება. რაც შეეხება მეორე შვილს, მასთან ერთად თბილისში იყვნენ წასულები, არ იქნებოდა იმ დროს მასთან.
სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატომ არ მოძებნეს? სამი საათი იქ რომ ეგდო და სისხლისგან დაიცალა ბიჭი და მერე რომ ნახეს, მანამდე სად იყვნენ, სროლა თუ იყო. ხომ ატყდა სროლა, ნაწილში განგაში ხომ უნდა ყოფილიყო, თუ შემოგივარდა ვიღაცა ხომ უნდა მოძებნო? ტყვია უკანა მხარეს აქვს მოხვედრილი. კაცი გაქცევაზეა და ტყვიას რომ ესვრი რა ჯიშის უნდა იყო? ახლა პულიმიოტი ჰქონია გიგას და ესროლა ალბათ. იარაღი ნანახი კი ექნებოდა, მაგრამ ეგ არ არსებობს.“ – აცხადებს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა რომან შენგელია.
შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ კრწანისში უცხო პირები შეიჭრნენ. სამინისტროს განცხადებით, შეჭრის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი თავდამსხმელის გვამი აღმოაჩინეს. სწორედ აღნიშული პირია გიგა შენგელია.