საქართველოში პაპის ვიზიტისას სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მაღალი რანგის სასულიერო პირი გარდაიცვალა“, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სასულიერო პირი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი პირველად დამლაგებელმა ნახა. იგი კანადელი ეპისკოპოსი ასურელთა ეპარქიის საპატიო ხელმძღვანელი 77 წლის ჰანნა ზორა იყო და საქართველოში ვიზიტად მყოფ რომის პაპს ახლდა.
ინფორმაცია გაზეთს სასტუმროს თანამშრომელმა მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„ადმინისტრაციამ კატეგორიულად გაგვაფრთხილა, რომ ის, რაც მოხდა, გარეთ არ უნდა გასულიყო. მთელი პოლიცია და კრიმინალური აქ იყო იმ დღეს. ვატიკანის უსაფრთხოების სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები. მათი მოთხოვნა ყოფილა, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. ამის შესახებ კატეგორიულად გააფრთხილეს სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურიც. ცხედარი ნომერში პირველად ნომრის დასალაგებლად შესულმა დამლაგებელმა ნახა. იგი გვიყვება, რომ მთელი ოთახი სისხლიანი იყო. ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. მალევე აქ გაჩდნენ სამართალდამცველები და ვატიკანის წარმომადგენლები“, – განაცხადა გამოცემასთან საუბრისას სასტუმროს თანამშრომელმა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი“ სასტუმროს გენერალურ დირექტორს ვალერი ჩეხერიას დაუკავშირდა, რომელმაც სასულიერო პირის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა, თუმცა გარდაცვალების მიზეზების დასადგენად საგამოძიებო ორგანოებთან გადაამისამართა.
„რეალურად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ეს გამოძიებასთან უნდა გაარკვიოთ. მე ვერ გეტყვით. სხვა მაღალი რანგის სასულიერო პირებისგან შევიტყვეთ, რომ ეს ადამიანი იყო ავად და ურჩევდნენ კიდეც, რომ არ ჩამოსულიყო თბილისში. სტადიონზე რომის პაპის მიერ აღვლენილ მესაზეც გამხდარა ცუდად. ასე გვითხრეს მისმა კოლეგებმა.
ჩვენ როგორც ვიცით, გარდაცვლილს კუჭის პრობლემა ჰქონდა და სავარაუდოდ, ძლიერი სისხლდენაც ამ დაავადებას უკავშირდება“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ვალერი ჩეხერიამ.
გარდა ამისა, გამოცემა საქართველოში კათოლიკური ეკლესიის მეთაურის, ჯუზეპე პაზოტოს პრესმდივანსაც დაუკავშირდა.
„ის გახლდათ ეპისკოპოსი, რომელიც სხვა ეპისკოპოსებთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით და ესწრებოდა რამდენიმე ღონისძიებას. ის უშუალოდ ვატიკანიდან არ ჩამოსულა. როგორც გავიგეთ, მას ურჩევდნენ, რომ არ ჩამოსულიყო ავადმყოფობის გამო, თუმცა მაინც ისურვა გამომგზავრება“, – განმარტა ეპისკოპოს პაზოტოს პრესმდივანმა.
წყარო: primetime