ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ყველაფერი ტყუილია”: ვინ არის მოკლული გიგა შენგელია და რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მოკლული გიგა შენგელიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ძმა, გიორგი შენგელია აღნიშნულ ბაზაში მსახურობდა და შესაძლოა, ბაზაზე შეჭრილი პირები, მათ შორის გიგა შენგელია, მეგობრის სანახავად მისულიყვნენ ბაზაზე.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ მას იარაღი ჰქონოდა. ახლობლები ამბობენ, რომ საუბარი რაიმე თავდასხმაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

მათი ინფორმაციით, გაქცეულებიდან ერთ-ერთი სწორედ მოკლულის ძმაა.

„ყველაფერი ტყუილია, რასაც აცხადებენ დანაც არ ჩაუდია ჯიბეში,“ – აცხადებენ ოჯახის წევრები.

მოკლული გიგა შენგელიას ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ის ზუგდიდში საკუთარ სახლში გადაასვენეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ სამხედრო ექსპერტები. საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე გამოძიების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და არ გამორიცხავს, რომ გამოძიების მსვლელობისას მუხლი შეიცვალოს.

„გუშაგმა განახორციელა კანონით გათვალისწინებული ყველა ქმედება. გააფრთხილა სიტყვიერად, მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენა იარაღი. თუ ეს ასე იყო, ეს ერთი მხარეა. გამოძიება ალბათ ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს. პროცესში შეიძლება კვალიფიკაცია შეიცვალოს, შეიძლება გუშაგის სასარგებლოდ, შეიძლება პირიქით, დამძიმდეს მის მიმართ მუხლი, ამას მხოლოდ ძიება გვაჩვენებს.“ – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ასევე კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მომხდარ ინციდენტზე ახალ დეტალებზე წერს პირველი რადიო. ექსპერტიზა დასრულებულია და თავდაცვის სამინსრტო მოკლულის ვინაობას ასახელებს. პარალელურად გამოძიებას ექსპერტები აკვირდებიან. სპეციალისტებს მიმდინარე მოკვლევასთან კითხვები აქვთ.
“ყველაფერი ტყუილია…“ – აცხადებენ ოჯახის წევრები.

შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ კრწანისში უცხო პირები შეიჭრნენ. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეჭრის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი თავდამსხმელის გვამი აღმოაჩინეს.

იტვირთბა....