კრწანისის სასწავლო ცენტრში უცხო პირების შეჭრის ფაქტს, აშშ-ს ელჩი იან კელი შემაშფოთებელს უწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხის გამოძიებაზე საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშავებენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.