ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში დაღუპული ქართველი მეზღვაურის ოჯახის წევრები: „ჩვენ გვაინტერესებს დეტალები“

თურქეთში დაღუპული ქართველი მეზღვაურის ცხედარი სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში გადმოასვენეს. სარფში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილნი.

გარდაცვლილის ბიძაშვილს, იაკობ ბუხაიძეს ოფიციალური ვერსიის, რომ მის ნათესავს ფეხი დაუცურდა, ჩამოვარდა და ამის შედეგად გარდაიცვალა, არ სჯერა.

„ყველას ჰგონია, რომ საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, მაგრამ იმ ინფორმაციის თანახმად, რაც მოგვაწოდეს, იქ არ უნდა გარდაცვლილიყო. გვითხრეს, ფეხი დაუცურდა, მაქსიმუმ მეტრნახევრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და წყალში ჩავარდა. მუშაობის დროს დამცავი საშუალებები უნდა ჰქონოდა, უსაფრთხოების ზომები უნდა ყოფილიყო დაცული“, – აღნიშნა იაკობ ბუხაიძემ.

ამ ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ბიძას პაატა ციხელაშვილსაც. ის უბედური შემთხვევის დეტალებში გარკვევას ითხოვს.

„კომპანიის წარმომადგენელმა გადმოიყვანა ცხედარი, ექსპერტიზის დასკვნაც გაგვაცნო. აგვიხსნა, რომ ანალიზი აღებულია და დადგენილია, რომ არ იყო ნასვამ მდგომარეობაში და არ იყო ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ გვაინტერესებს დეტალები, რა დროს, როგორ მოხდა, უსაფრთხოების ზომები დაცული იყო თუ არა“, – აღნიშნა პაატა ციხელაშვილმა.

 

ოჯახი სახელმწიფო სტრუქტურებს გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მიმართავს. ასევე, ისინი აპირებენ ცხედარს ექსპერტიზა განმეორებით ჩაუტარონ.

 

23 წლის ახალგაზრდა გემზე პირველად იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა 21 ოქტომბერს პანამის დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მოხდა.

იტვირთბა....