მარნეულში, №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის #48ე საარჩევნო უბანზე გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა მოიპოვა, მას ხმა 381 ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მის კონკურენტს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს თამაზ ნავერიანს 313 ამომრჩეველმა.
სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე დღეს 9 საჩივარი დაიწერა. საჩივრების განხილვა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორშაბათს მოხდება.
არსებული მონაცემებით ვერც ერთი კანდიდატი, პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმებს ვერ აგროვებს, რის გამოც მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
8 ოქტომბერს გამართული მე-9 მოწვევის პარლამენტის არჩევნების შედეგად მარნეულის ოლქში ხმები ასე გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობა“ – აჰმედ იმამკულიევი 9645 ხმა რაც საერთო ხმების 47.91%-ს შეადგენს. „ქართული ოცნება“ – თამაზ ნავერიანმა 8738 ხმა ანუ საერთო ხმების 43.41%.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის ოლქის #48 უბანზე, რომელიც სოფელ ყიზილაჯლოში მდებარეობს, მომხდარი ინციდენტის შედეგად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 8 ოქტომბერსმ ამ უბანზე გამართული არჩევნების შედეგები გააუქმა. განმეორებითი არჩევნები სოფელ ყიზილაჯლოში დღეს გაიმართა.