დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ჯარისკაცები კვლავ სამედიცინო კლინიკებში რჩებიან.
ამ დროისთვის 4 დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, 4 კი ტრავმატოლოგის კლინიკაში. მათი მდგომარეობა შედარებით მძიმეა. შედარებით მსუბუქია 28 სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა. ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ერთი ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბესთან მოხდა. კამაზის მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. შემთხვევის დროს გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.