ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“მეტრონომის” რედაქცია: “დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი მოღვაწეობას მედიაზე ზეწოლით იწყებს”

 

ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი, ვინმე შაქრო ტერტერაშვილი, რომელიც ჯერ არ მოსულა ხელისუფლებაში მედიის შეურაცხყოფით იწყებს თავის მოღვაწეობას.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი, შაქრო ტერტერაშვილი „მეტრონომის“ რედაქციას ბრალს მიკერძოებულობასა და „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გელა სამხარაულის მარდაჭერაში სდებს. ამის შესახებ ტერტერაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა:

tertera2

 

„ამ XXl საუკუნის ’თხა და გიგომ’ ჯერ ვიღაც ჭორიკანა მედროვეები დაიქირავა და პირველი ტურის მთელი საარჩევნო კამპანია ჩემზე ჭორების გავრცელებით ჩაატარა, მე-2 ტურისთვის კი ძველი მეთოდები აღარ კმარა და საკუთარ ფბ-გვერდზე, პირველი ტურისთვის მათივე დაკვეთით მომზადებული სუბიექტური სტატიების სქრინებს მიძღვნის 🙂 სირცხვილია პატივცემულო გელა, სირცხვილი! უკვე დიდი ბიჭი ხარ და ცოტა აზრიანად გაიხარჯე ;“ – წერს ტერტერაშვილი.

საქმე ეხება „მეტრონომის“ მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მაჟორიტარობის კანდიდატების ბიოგრაფიისა და საქმიანობის შესახებ მასალების მომზადებას, სადაც ერთ-ერთი სტატია ახმეტისა და თელავის მაჟორიტარობის კანდიდატებს ეხებოდათ, სამი პარტიიდან. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ შაქრო ტერტერაშვილს, „ქართული ოცნებიდან“ – გელა სამხარაულს და პაატა ბურჭულაძის პარტიიდან – ზურაბ ნაცარაშვილს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან, შაქრო ტერტერაშვილთან დაკავშირება მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-ცენტრთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა და ტერტერაშვილთან დაკავშირებას ვითხოვდით, პარტიის პრეს-ცენტრმა საბოლოოდ, არც ზარს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას უპასუხა. ამის დამადასტურებელი ჩანაწერი რედაქციას აქვს. ამ ფონზე, როცა რეალურად რედაქციას უნდა ჰქონდეს პრეტენზია, თუ რატომ ვერ ხერხდება მასალის მომზადებისთვის კანდიდატთან დაკავშირება, ბატონი შაქრო სტატიის გამოცემის შემდეგ აქეთ გვდებს ბრალს და მიკერძოებულობაში და ის მოსყიდვაშიც კი გვადანაშაულებს.

ცნობისთვის, ცილისწამება დანაშაულია. შესაბამისად, რედაქციას შეუძლია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს სასამართლოში უჩივლოს და მისი ბრალდების წინააღმდეგ და პასუხი მოთხოვოს მას ბრალდებებზე, რომ თითქოს სტატია შეკვეთილია, სუბიექტურია და „ქართული ოცნების“ ინტერესებს ატარებს. „მეტრონომი“ მზადაა არსებული ჩანაწერები გამოიყენოს, სადაც ასახულია, რამდენიმე დღის განმავლობაში თუ როგორ ვცდილობთ პარტიის პრეს-ცენტრთან კომუნიკაციით, შაქრო ტერტერაშვილთან დაკავშირებას. თუმცა, „მეტრონომის“ რედაქცია მიიჩნევს, რომ შაქრო ტერტერაშვილი ნამდვილად ვერ არის ჩვენთვის ისეთი ადეკვატური პერსონა, რომელთანაც სასამართლო დავის დაწყებაზე ღირდეს ფიქრი.

აღსანიშნავია, რომ  მკითხველი, რომელიც გაეცნო და გაეცნობა ამ სტატიას, აუცილებლად შეამჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გელა სამხარაულის შესახებ ყველაზე ვრცლად და კრიტიკულად გვაქვს ინფორმაცია მოწოდებული, მხოლოდ იმიტომ, რომ მმართველი პარტიის კანდიდატის შესახებ მეტი ცნობები მოიპოვება. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, გელა სამხარაულს არ ჰქონია რედაქციასთან პრეტენზია და სწორედ ის კანდიდატი გვდებს ბრალს მიკერძოებულობაში, რომლის კომენტარის მოსაპოვებლადაც მასალის გამოცემა რამდენიმე დღით დავაგვიანეთ, თუმცა მასთან დაკავშირება ენმ-ს პრეს-ცენტრმა არ, ან ვერ მოგვიხერხა.

წინასაარჩევნო პერიოდში, მიუხედავად მოკლე დროისა, ვცდილობდით მოგვეცვა საქართველოს ყველა რეგიონი და მიგვეწოდებინა მკითხველისთვის ამომწურავი ინფორმაცია ამა თუ იმ საარჩევნო უბანზე, რომელი კანდიდატები იყრიდნენ კენჭს, ვინ იყვნენ ისინი, რა წარსული ჰქონდათ და რას ჰპირდებოდნენ საზოგადოებას. ბ-ნ ტერტერაშვილს გვინდა ვასწავლოთ, რომ ეს არის ზუსტად ჟურნალისტის მოვალეობა და სანამ თითს გაიშვერდეს მედიისკენ კარგად წაიკითხოს ჩვენს საიტზევე სხვა რეგიონების და მათი კანდიდატების ბიოგრაფიები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ტერტერაშვილის მსგავსად, მომავალში აუცილებლად დავინტერესდებით ნებისმიერ საჯარო პირთან დაკავშირებით და მაქსიმალურად მოვიძიებთ ინფორმაციას ყველა იმ პერსონაზე, რომელიც იქნება, ან მოისურვებს საზოგადოების (ან მისი გარკვეული ნაწილის) წარმომადგენელი იყოს ამა თუ იმ ორგანოში.

და ბოლოს, „მეტრონომმა“ წინასაარჩევნოდ გააშუქა რამდენიმე რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატების ბიოგრაფია, სადაც აბსოლუტურად ყველა კანდიდატთან ვცადეთ დაკავშირება. სწორედ ერთ-ერთ მასალაზე, „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას პრეს-ცენტრი გვდება ბრალს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მედია ვიყავით და შეკვეთილ სტატიას ვაქვეყნებდით. ამ შემთხვევაში კი ვინმე ტერტერაშვილი ჩვენ „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერაში გვადანაშაულებს.

მკითხველისთვის მიგვინდვია დასკვნა, ვინ ვართ ჩვენ, რომელი პარტიის მხარდამჭერი მედია ვართ, თუკი ორივე პარტია, „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“ ბრალს მოწინააღმდეგესთან თანამშრომლობაში გვდებს. სიმართლე, თუ ვინ ვართ და რა გვინდა, წერია ჩვენს საიტზე, სპეციალურ რუბრიკაში – „ჩვენს შესახებ“ და დაინტერესებულ პერსონებს შეუძლიათ შევიდნენ და გულდასმით წაიკითხონ.

დასკვნის სახით კი, პარტიებს და მათ ხელმძღვანელებსა და თუ წევრებს მოვუწოდებთ: ნუ დაემალებით მედიას და ნუ აარიდებთ თავს კითხვებს! მედიაც საზოგადოების ნაწილია… ხოლო თუ პრეს-ცენტრის თანამშრომელებს თქვენამდე ინფორმაცია სათანადოდ არ, ან ვერ მოაქვთ, სანამ ხელისუფლებაში მოსვლას და იქ სიტუაციის დალაგებას შეეცდებით, კადრები დაალაგეთ… კადრები…

„მეტრონომის“ რედაქცია

 

P.S. “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს და საჯარო პირს, თავი შეიკავონ წინასწარი ბრალდებებისაგან და პატივი სცენ, იმოქმედონ და გამოიყენონ კანონის ფარგლებში განსაზღვრული ნორმები. ორგანიზაცია მოუწოდებს მათ გამოიჩინონ მეტი თმენის ვალდებულება მედიის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე და შეურაცხყოფებზე.

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისა“ და „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის“ წარმომადგენელია საქართველოში.

 

იტვირთბა....