ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების გასაშუქებლად ცესკოში 5 017 ჟურნალისტი დარეგისტრირდა. 138 მედიასაშუალებიდან 3 405 აკრედიტაცია მხოლოდ ერთის სახელზეა გაცემული. ეს სააგენტო კი, All media, რომლის ვებგვერდზეც ამ დრომდე არჩევნების შესახებ არცერთი ახალი ამბავი არ განთავსებულა.
მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ All media-ს აკრედიტაციით მისმა კონკურტის ძმამ, გიორგი რურუამ ისარგებლა.
საჯარო რეესტრის ცნობით, All media-ს 100%-იანი მესაკუთრე გიორგი ქართველიშვილია.
“დარეგისტრირებული ადამიანები ჩემი თანამშრომლები არ არიან. ამ ადამიანებმა სურვილი გამოთქვეს, რომ ყოფილიყვნენ წარმომადგენლები საუბნო საარჩევნო კომისიის უბნებზე. ჩვენი მედიაპლათფორმა ყველასთვის გახსნილია, მათ შორის თქვენთვისაც, თქვენ შეგიძლიათ ჩვენ გვერდზე შებრძანდეთ და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გამოაქვეყნოთ როგორც ნიუსი, სტატია და ა.შ. ამ ყველაფერში ადმინისტრაცია არ ერევა. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ ადამიანების შეკრება. ვინც სურვილი გამოთქვა, რომ ჩვენი წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, ჩვენ მივეცით შესაძლებლობა, რომ საარჩევნო უბნებზე ყოფილიყვნენ”. -აცხადებს ქართველიშვილი “მეტრონომთან” საუბარში.
კითხვაზე დაინტერესდა თუ არა All media ამ ადამიანების ვინაობით და მათი მოტივაციით, რატომ სურდათ არჩევნების პროცესში საუბრო საარჩევნო კომისიებში ყოფნა, ქართველიშვილი გვპასუხობს, რომ ადამიანებს ჰქონდათ სურვილი ყოფილიყვნენ საარჩევნო უბანზე და ამით მის სააგენტოს კანონი არ დაურღვევია.
“ჩვენი პლატფორმა ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია. არჩევნების დღესაც ვაქვეყნებდით მასალებს. შეგიძლიათ რეიტინგებს გადახედოთ. 15 000 ვიზიტორი გვყავდა. ეს ინფორმაცია ჩვენთან “ლაივ” რეჟიმში თავსდებოდა, ამის შედეგად მოხდა ტექნიკური ხარვეზი, რომელსაც ორი კვირაა ვაკეთებთ. ვცდილობთ დადებული ინფორმაცია აღვადგინოთ. როცა აღვადგენთ მიხვდებით, რომ ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ წარმოდგენილნი, მათ მუშაობას ფუჭად არ ჩაუვლია”. – ამბობს ქართველიშვილი.
GDS-ის ინფორმაციით, გიორგი ქართველიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში მუშაობს. “მეტრონომს” ქართველიშვილმა უთხრა, რომ მისი “ფეისბუქიდან” შეგვეძლო გაგვეგო მისი საქმიანობის შესახებ. სოციალურ ქსელში ქართველიშვილი წერს, რომ ის მხოლოდ All medias დირექტორია.