ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
ეს ტექსტი 2009 ში დავწერე. საკნების ქალაქი ახალდამთავრებული იყო. ოპოზიციას მაშინ იგივე პრობლემა დაუდგა რაც დღესა აქვთ ნაც. მოძელებს.
მაშინაც მიშასთან მებრძოლები ცხელებად და თბილებად დაიყვნენ
“ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი.მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან.”
იოანეს გამოცხადება (აპოკალიპსისი)
თბილი
მომხიბლავი და ელეგანტური ახალგაზრდა ქალია. აი ისეთი – საკუთარი თავის ფასი რომ იციან. აქვს წარმატებული ბიზნესი, რომელსაც დამოუკიდებლად უძღვება. მაღალი სოციალური წრიდან გახლავთ. ახლა საკუთარი თავის გალამაზებით (ვარცხნილობით) არის დაკავებული. თან წუწუნებს, რომ მიშა ცუდია და ჩვენი ქვეყანა არ ვარგა. იღებდა მონაწილეობას “ტუსოვკაში” სახელად “საკნების” ქალაქი. მე მაშინ ნამდვილ საკანში ვიყავი და მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ ცენტრალურუბნელი სნობებისათვის საგაზაფხულო პროტესტის ადგილები არა რევოლუციური ცეცხლის დასანთებ ადგილად (მომიტევეთ მოპოეტურო მეტაფორისათვის), არამედ მოდური თავშეყრის ადგილად იქცა. ჩვენი მომხიბლავი ქალიც იქ გასართობად დადიოდა, ოღონდ საკუთარ ქვეცნობიერ სურვილს, მიეღო უჩვეულო შეგრძნებები (იცით შალვა, ადრე არც ერთ მიტინგზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა სულ სხვა შემთხვევაა…), სამშობლოსათვის ბრძოლით ამართლებდა. შემდეგ დაცხა. დადგა წყლის პროცედურების დრო. აქეთ ვაკის აუზი და აქვა-პარკი, იქით კვარიათი და მიშას ბათუმი. რუსთაველზე “საკან-ფართი” დაიხურა. და აი დღეს ზღვამოვლილი და დასვენებული საკუთარ შთაბეჭდილებებს მიზიარებს. ანვითარებს აზრს: საქართველო წარუმატებლობისთვის განწირული ქვეყანაა და აქ პერსპექტივა არაფერს არა აქვს. ვეკითხები, ნამდვილად სურს თუ არა ცვლილებები. რა თქმა უნდა სურს. ვთვაზობ იდეას. შეკრიბოს რამოდენიმე თავისი მეგობარი, ისეთები საკუთარი საქმეც რომ აქვთ, წარმატებულებიც რომ არიან და ამიტომ მიშაზე პირადი მოტივით დაბოღმილსაც რომ ვერ დაარქმევ. მე გადავიღებ 5 წუთიან ფილმს, სადაც ეს ხალხი რაციონალურად, ყოველგვარი ეგზალტაციის გარეშე მოყვება, თუ რატომ არ მოსწონთ ეს ხელისუფლება. ფილმი უაღრესად ეფექტური იქნება, რადგან ყველა დაინახავს, რომ მიშა არ უნდა არამარტო მარგინალიზებულ ლუპმენს, არამედ სოციალური მწვერვალის ბინადარსაც. აი აქ, როცა ჩემმა თანამოსაუბრემ კონკრეტული პასუხი უნდა გამცეს – იგი უკვე ახდენს საკუთარი შიშის რაციონალიზაციას და იწყებს იმის ლაპარკს, რომ ბიზნესში მარტო არაა და ეს ყოველივე მაინც არ გამოიღებს შედეგს, ხოლო რისკი კი დიდია და მისთ.
ცივი
მე მინახავს ბაჩო ახალაია “საქმეში”. ძალადობისას ეს სუბიექტი მთელი თავისი შეგნებით ეძლევა განადგურების ვნებას. ერთხელ აღტაცებით მიყვებოდა, თუ როგორ ებრძვის კანონიერ ქურდებს და ერთი საათის განმავლობაში 4 დიდი ჭიქა ყავა შემოესვა. ესაა ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ მატერიალური სიკეთის, არამედ რაღაც მეტაფიზიკური, შეიძლება ავი და ბოროტი ძალის კარნახით მოქმედებს. იგი იმ საშინელებებს, რასაც სჩადის, სახელმწიფო ინტერესის აღსრულებით ხსნის. ესაა მთელი ბაჩო ახალაია, პროვინციალი და ნაკლებად ინტელექტუალური ბიჭი, რომელიც მხოლოდ იმიტომაა შიშის მომგვრელი, რომ ჩვენ მისი გვეშინია. გვეშინია არ დავკარგოთ შესაძლებლობა ყოველდღე “დონა კარანის” მიპკურებისა, ან სისხლიანი სტეიკის მირთმევისა. გვეშინია იმისაც, რომ ვიღაც სპეცრაზმელი ჯალათი დაგვარტყავს ხელკეტს და ჩვენ ნაპატივებ, აუზ და მასაჟ გამოვლილ გარუჯულს სხეულს, ტკივილს მიაყენებს. ახალაიამ და მისთანებმა იციან, რომ მანიფესტაციები გართობის ნაწილად იქცა, რომ თავს არავინ არ მოიკლავს. ამიტომ ისინი აღარ ღელავენ და თითქმის გულგრილად უყურებენ ამ უდღეური ოპოზიციის ცოდვილს. ახალაია და მისი დამქაშები ცივები არიან. არქტიკული სუსხი გამოსჭვივის მათი ნახევრადშეშლილი მზერიდან.
ცხელი
მოდით ახლა საპირისპირო მხარეს გავიხედოთ და დავინახოთ რუსთაველზე ბოლო საკნის ბოლო ბინადარნი, ისინი ვისაც სამთავრობო არხები მარგინალებად მოიხსენიებენ (ე.წ. ზვიადისტების გუნდი). 3 თვე იცხოვრეს ქუჩაში. დასაკარგი არაფერი აქვთ, ულმობელმა დროებამ ბორტს მიღმა მოისროლა. რაც მათ იციან, აღარავის არ სურს, რაც გაუკეთებიათ, აღარავის ახსოვს. ლანდებთან ლაციცობენ და ძველ დროებას მისტირიან. წყევლიან მამონას და საკუთარ თავს ღმერთის მსახურად აცხადებენ. ბოლომდე გაძლეს და დარჩნენ საკანში მაშინ, როცა წაეხეტა ყველა: ძვირფასი თვლებით მოოჭვილი და აგარაკზე დახარბებული სნობი “ბელადი”, გაურკვეველი წარმომავლობის მადამე ტატა, ვიღაც ფსიქიკურად არაჯანსაღი ტიპი და მეორეც, აი ის ძალად ძველი ბიჭი რომაა. დარჩნენ და სასოწარკვეთილი მზერები მიაპყრეს რუსთავი 2-ის მიკროფონიან ეშმაკუნებს. ეს ხალხი თავდადებისთვისაც მზად იყო, მაგრამ 21 საუკუნეში მათი სიკვდილიც კი აღარავის აღარ სჭირდება. ესენი ცხელები არიან, გავარვარებული ადამიანები, რომლებიც ასხივებენ სითბურ ტალღებს.
და აი ჩვენ საბოლოოდ ვამჩნევთ ცივებსა და ცხელებს შორის მოთავსებულ უფორმო, უსისტემო და ამაზრზენად ლაბილური თბილების მასას. მათ არ მოსწონთ ცივები, მაგრამ გაცხელებაც არ სურთ, ეს ხომ საშიშია. მათ დროშაზე სკეფსისია გამოსახული, იმედგაცრუება კი მათი მოდუს ვივენდი გახლავთ.სწორედ მათ გამო ცივა ჩვენს სამშობლოში, სწორედ ამიტომ იწვებიან ცხელები და ქალაქის გეტოებში შიმშილიან პატარა ოთახებში მარტოდ-მარტო იფერფლებიან.
და ბოლოს, მინდა ყველამ იცოდეს: მე მირჩევნია სუსხიანი ბაჩო ახალაია დახვეწილ მანერებიან თბილისელ სნობს. რომელიც მხოლოდ ოდნავ შეთბა.