ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე რამდენიმე დღისწინ ტრანსგენდერზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება:
“ტრანსგენდერი საბი რომ მოკლეს, ერთმა გოგომ, ვინც დაკრძალვას ესწრებოდა, მოყვა, – კაცის ტანსაცმლით, როგორც ბიჭი ისე დაკრძალესო. ახალშობილს რა მოლოდინითაც შეხვდნენ, აქედანაც იმ სახით გააცილეს. დაკრძალეს სოფელში, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ერთ სოფლის ქალს ტირილით უთქვამს, – ის უნდა ჩაგეცმიათ, რის ჩაცმაც მოსწონდაო. ამ სიფაქიზემ, ემოციური ინტელექტის ასეთმა გამოვლინებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ეს თითქოსდა ჩვეულებრივმა, უბრალო სოფლის ქალმა თქვა და არც იცის, რა დიდია, რა ნათელია. ეს არ უთქვამს დიდ ქალაქში მცხოვრებ ევროპელ ქალს, რომელსაც შეიძლება შინაგანად არც უგრძვნია, მაგრამ დაასწავლეს, რომ ადამიანი, თავისი ნებისმიერი ფორმით, გამოვლინებით, ადამიანია და რომ ადამიანებს, უკლებლივ ყველას, ჩვენი ტანჯვა გვაქვს, საკმარისი იმისთვის, რომ არავის შურდეს ჩვენი არსებობა, და საკმარისზე მეტი იმისთვის, რომ არავის ვძულდეთ, მითუმეტეს არ ვძულდეთ ჩვენი წილი ტანჯვის გამო. ამ კვირაში კიდევ ერთი ტრანსგენდერი გაუმეტებიათ სასიკვდილოდ. ერთი წუთით რომ წარმოიდგინოთ, გაიღვიძეთ ერთ დღეს და აღმოაჩინეთ, სხვა სხეულში ხართ დამწყვდეული, პატიმარი ხართ და ვერ გამოგირღვევიათ ხორცის მტანჯველი კედლები. დამწყვდეულია თქვენი სული უცხო სხეულში. იქნებ ოდნავ მაინც გამქრალიყო ზიზღი და ოდნავ მაინც გაგვჩენოდა თანაგრძნობა სხვის მიმართ”.