ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უცნაური ნაგვის ურნები ვაკის პარკში

საბავშო ქალაქ “შუმბა ლენდში”, რომელიც ვაკის პარკში 15 ოქტომბერს გაიხსნა, ნაგვის ურნებს ცხოველების ფორმა აქვს.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას ცხოველთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თინათინ ჭავჭანიძე აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მსგავსი ფორმის ნაგვის ურნები არ უნახავს.

“მე შეკითხვა მაქვს ამ ურნის ავტორთან და შემსრულებელთან, რომ ოდესმე მოუვიდოდა თავში აზრად, დაეყენებინა ადამიანის ფიგურა ღია პირით და შიგ ჩაეფერფლებინა? ალბათ არა – მე ასე მგონია,”-აცხადებს ჭავჭანიძე.

სოციალურ ქსელში მომხმარებელთა ნაწილმა დაიწყო კამპანიაც, სადაც “შუმბა ლენდს” მოუწოდებენ, აიღოს ცხოველების ფორმის ნაგვის ურნები.

“მეტრონომს” თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ “შუმბა ლენდი” 4 მილიონამდე ლარის ინვესტიციით შპს “ვაკის პარკმა” მოაწყო.

შპს ვაკის პარკის დამფუძნებელი და ერთ-ერთი მფლობელი ზვიად თოიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ კამპანია ამ ურნების წინააღმდეგ პარტიზანმა მებაღემ ნატა ფერაძემ წამოიწყო.

„ქალი, რომელიც ტელევიზორში იმაზე მელაპარაკება, ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, ის არ არის უკულტურობა, რომელიც ბავშვებს არ უნდა ვასწავლოთ, და ამ დროს მე მელაპარაკება იმაზე და მე მასწავლის, რომ იცი, რა, მოდი, შენ ნაგვის ურნას ნუ გააკეთებ იმიტომ, რომ ბავშვმა არ იფიქროს, რომ ნაგავი შეიძლება უნდა ჩაუტენოს ცხოველს. ეს არის აბსურდი. ნებისმიერი რაღაცის იმიტაცია შეიძლება იყოს ცხოველი. კანფეტი თუ ცხოველის იმიტაციაა, გამოდის, რომ ბავშვებს ცხოველების, ძაღლების და კატებს ჭამა უნდა ვასწავლოთ? მაგასვე აჰყვნენ პარტიზანული მებაღეობის წევრები. მოდი, ურჩიონ თავიანთ ლიდერს, რომ ტელევიზორში, მილიონიანი აუდიტორიის წინაშე იმას ნუ გაიმეორებს, იმ სიტყვებს და მაგას ნუ ასწავლიან ბავშვებს, თორემ ამითი არავინ არ გაირყვნება და ძაღლებისა და კატებისთვის პირში ჩათხრას არ ისწავლიან.”- განაცხადა ზვიად თოიძემ.

 

იტვირთბა....