ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სად ინახება ვარდების რევოლუციისდროინდელი ვარდი, რომელიც სააკაშვილს ხელში ეჭირა

ყოფილი დეპუტატი, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, კობა ამირხანაშვილი, თავის სამუშაო ოთახში ორ უნიკალურ ნივთს ინახავს: ვარდს, რომლითაც საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა. AMBEBI.GE-სთან ის იმ დღეს იხსენებს, როცა პარლამენტში ხელისუფლების დასამხობად შევიდა მშვიდობიანი ხალხი:

ხალხი მშვიდობიანად პარლამენტში ხელისუფლების დასამხობად რომ შევიდა, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. ხოლო თუ როგორ აღმოვჩნდი იქ, გეტყვით: რუსთაველზე ვცხოვრობ, იქ მთელი ის პერიოდი მიტინგები იმართებოდა, ბოლოს, როდესაც ვითარება დაიძაბა, არ მინდოდა, შეტაკება, სისხლის ღვრა მომხდარიყო. არადა, იქ იარაღიანი ხალხი ნამდვილად იყო თავმოყრილი კერძოდ, “აღორძინებიდან”. მოკლედ, 22 ნოემბერს, დილას თავისუფლების მოედანზე მომიტინგეებს შევუერთდი. მერე ხალხი სამ საათამდე დაიშალა… მანამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი და ჩახერგილი იყო, რატომღაც სამი საათისთვის ჩაკეტილი ქუჩები გაეხსნათ, იქიდან ყველა მანქანა გაეყვანათ და ტერიტორია გათავისუფლებული იყო.

გზის გახსნა ცხადია, ვიღაცის ბრძანებით მოხდა. მხოლოდ კობა ნარჩემაშვილის (მაშინდელი შს მინისტრი) პატარა ჯგუფი იყო ჩიტაძეზე. ნარჩემაშვილი ამბობდა, – რატომ უნდა გაგატაროთ? გაატარეთ, უამრავი ხალხი მოდის, დიდი ტალღაა-მეთქი, – ვუთხარი და ხმა აღარავის გაუცია. მახსოვს, ერთადერთი უშიშროების პოლკოვნიკი იყო, სახელოში ხელი მტაცა, – რას შვრებითო?! ვუთხარი: წინააღმდეგობის გაწევა, იარაღი გამოყენება არ შეიძლება, ეს ხალხის ნებაა და თავი დაანებეთ, ხელს ნუ უშლით-მეთქი. ამასობაში მიშა საკაშვილი პარლამენტში შევიდა. სხდომათა დარბაზში რომ შეცვივდნენ, პირველად უკან გამოუშვეს და იმ დროს კართან აღმოვჩნდი, მიშა რომ გამოვარდა, კარი კინაღამ სახეში მომხვდა. რომ დამინახა, ვარდი ხელში მომაწოდა, რომელიც მისთვის მანამდე დათო მუმლაძეს მიუცია. მითხრა, – ხალხი სად არის? აქ არიან-მეთქი და უეცრად ორივე კარი გაიღო და ადამიანები დარბაზში შეიჭრნენ. ატყდა ამბავი, მაგიდებზე აცვივდნენ, დეპუტატ ვიტალი ხაზარაძის სკამს ეძებდნენ, რომ დაეწვათ… მიშამ შევარდნაძის ჩაი დალია და შემდეგ რაც მოხდა, კარგად იცით… სანამ შევარდნაძე გადადგებოდა, პარლამენტის შენობის დაცვა მევალებოდა, მერე 23-ში, გამთენიისას ჩემთან ჟვანია მოვიდა და მითხრა: კობა ჯან, წადი სახლში, არადა, ვინჩესტერი მეკავა ხელში (ცნობილია, რომ ყოველთვის შეიარაღებული ვიყავი, იარაღით დავდიოდი), სულხან პაპაშვილი (შევარდნაძის დაცვის უფროსი) მოდისო. მოვიდა ხაბურზანიაც, უშიშროების ყოფილი მინისტრი. გავოცდი, რომ მეგონა, შევარდნაძეს საფლავში ჩაჰყვებოდნენ, ყველანი იქ არ დავინახე? მივხვდი, რომ ეს ყველაფერი გათამაშებული ამბავი იყო და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი იდიოტის როლში. იმის მერე კი პოლიტიკას განსაკუთრებით ვერიდები…
როდესაც პარლამენტში ჩემს სამუშაო ოთახს ვცლიდი, თანაშემწემ მითხრა, – ამას რა ვუყოთ? თურმე ვარდი, რომელიც მიშამ ხელში მომაწოდა, ოთახში კარადის თავზე შემომიდვია. იცი, რა არის? მიშას ვარდია-მეთქი, – თანაშემწეს ვუპასუხე. წამოვიღე და ჩარჩოში ჩავსვი, მას მერე კედელზეა ჩამოკიდებული, რომელიც უკვე დიდი ხანია რელიკვიაა.

guriismoambe.com

იტვირთბა....