სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტზე საგამოძიებო პროცესი წარმართოს სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიმართულებით.
„სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. აპარატის წარმოებაში არაერთი საქმეა, რომელშიც შესაძლოავლინდებოდეს დისკრიმინაციული მოტივი სხვადასხვა დაცული ნიშნის საფუძველზე. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, გამოძიების პროცესში არ ხდება სავარაუდო სიძულვილის მოტივზე მსჯელობა ან/და ბუნდოვანი რჩება, თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ასეთი მოტივის გამოვლენის მიზნით.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავსი სახის დანაშაულებზე ჭეშმარიტების დადგენა და მათ შორის, დანაშაულის რეალური მოტივის იდენტიფიცირება, არამხოლოდ კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ მომავალში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით არის აუცილებელი. საზოგადოებაში გავრცელებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობის ფონზე არსებობს მსგავსი დანაშაულების განმეორების საფრთხე, მითუმეტეს, რომ საგამოძიებო ორგანოები დისკრიმინაციულ მოტივზე ძირითადად ყურადღებას არ ამახვილებენ. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაატაროს ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიება, ასევე, საგამოძიებო პროცესი წარმართოს სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიმართულებით“.- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისში, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ დროისთვის დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.