ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეგზიტპოლის მონაცემებზე განცხადებას ავრცელებს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო საერთაშორისო კომპანია TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ცესკო-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად ნათელი გახდა, რომ ეგზიტპოლის მონაცემები მნიშვნელოვნად ასცდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2%-იან ცდომილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ TNS-მა ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, გენერალური დირექტორის მომართვის საფუძველზე, უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის დაკვეთის თაობაზე. მაუწყებელი საქართველოში მაღალკვალიფიციური, სანდო და ზუსტი კვლევის ჩატარებას ისახავდა მიზნად, რისთვისაც მსოფლიოში წამყვანი, მაღალი რეპუტაციის მქონე კვლევითი ორგანიზაცია TNS შეირჩა. TNS ხელშეკრულებით ვალდებულებას იღებდა, მაუწყებლისთვის მიეწოდებინა მონაცემები, რომელთა ცდომილებაც 2%-ს არ აღემატებოდა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეგზიტპოლის შედეგების დადგენილი წესით ცესკო-ის მონაცემთა შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა კომპანია TNS-მა აიღო.

ცესკო-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ნათელი გახდა, რომ ეგზიტპოლის მონაცემები მნიშვნელოვნად ასცდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2%-იან ცდომილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ TNS-მა ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დატოვებს ამ ფაქტს რეაგირების გარეშე და იმოქმედებს  ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში, მაუწყებლის მიერ საზოგადოების ინტერესების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე. სამეურვეო საბჭო აგრძელებს საკითხის შესწავლას და დროის მოკლე მონაკვეთში საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას  შემდგომი ნაბიჯებისა და საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე“-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

იტვირთბა....