შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის მუციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე საარჩევნო უბანში საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსისი 163-ე 353- მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 6 პირი დააკავეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები კი აცხადებენ, რომ ამ ადამიანების დაკავება უკანონოდ მოხდა.
პარალელურად მარნეულის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა და „ნაციონალურ მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აჰმედ იმამკულიევის ინფორმაციით, სამართალდამცველები 7-მდე ადგილობრივი მოსახლის ოჯახში ღამით შევიდნენ და ისინი ძალის გამოყენებით განყოფილებაში გადაიყვანეს.
აჰმედ იმამკულიევის თქმით, მომხდარი არჩევნების დღეს სოფელ ყიზილ-აჯლოში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ არ იციან სად იმყოფებიან დაკავებულები. მათი განცხადებით სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დამტვრეულია მათი ქონება. მარნეულში ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა დაკავების დროს არ განუმარტეს დაკავებულებს თუ რატომ აკავებდნენ მათ.
“მღებრიშვილს ვთხოვ დაიწყოს გამოძიება ბატონ, მარხინ გაზიევისგან, რომელმაც იცის მანქანით ქვები ვინ მოიტანა. ეს ადამიანი ყოფილი და მომავალი დეპუტატია სიით,”- აცხადებს იმამკულიევი.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წერს, რომ ცოტა ხნის წინ მარნეულის ცენტრში პოლიციასთან მცირე ინციდენტი მოხდა ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს შორის. ადგილობრივების გაღიზიანება მარხინ გაზიევის გამოჩენას მოჰყვა, თუმცა მან მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა.