ირინა სარიშვილი პოსტს აქვეყნებს:
„მესამე დღეა ვრცელდება ჩემი 24 წლის წინანდელი გამოსვლის ვიდეოჩანაწერი. ეს გამოსვლა მეც არ მახსოვდა და მიუხედავად იმისა, რომ ამ და სხვა პერიოდებზეც ბოლო წლებში არაერთხელ გამომითქვამს სინანული და ბოდიშიც მომიხდია, ამ გამოსვლას, რომელიც მეც არ მახსოვდა, გვერდს ვერ ავუვლი, რადგან არათუ სხვები, მეც უმძიმეს შოკში ჩამაგდო და იმ საშინელ წლებში გადამიყვანა, სადაც ასეთი სიძულვილის ენაზე ველაპარაკებოდით ერთმანეთს და რაზეც, ვიმეორებ, ჩემი აზრი აქ, „ფეისბუქში” ადრე ვრცელი წერილით გამოქვეყნებული მაქვს და ამ სტატუსის პირველივე კომენტარად ამ წერილს დავურთავ.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვიდეოს. უმძიმესი სანახავია ჩემთვის. იმდენად მძიმე, რომ ეს დღეები პარალიზებული ვარ, რადგან მართლა არ მახსოვდა ეს გამოსვლა, თუმცა, ეს პერიოდი მთლიანად აღვიდგინე მეხსიერებაში: ამ გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გადავდექი ვიცე-პრემიერობიდან შევარდნაძის მიერ დსთ-თან მიერთების გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად. აფხაზეთში ამ დროს ომია. შევარდნაძე კატეგორიული წინააღმდეგი იყო ჩვენი გადადგომის, ჩვენ მაინც ჩვენი გავაკეთეთ და გადავდექით, ხოლო შემდეგ, მასთან ამ თემაზე შეხლა-შემოხლის დროს შევარდნაძემ თავისი გადაწყვეტილების მიზეზად გამსახურდიას გროზნოდან საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში შემოსვლა დაასახელა. ამის მერე ამ კონკრეტულ შეხვედრაზე შევარდნაძე გამოდის და ამბობს, რომ გამსახურდიას გროზნოში ვუშვებთ, მას იქ ელოდებიანო. მე, უკვე დაპირისპირებულს შევარდნაძესთან, მიწევს სრულიად მტრულად განწყობილ დარბაზში გამოსვლა, რადგან ამ გადადგომას ღალატად მითვლიან. შემდეგ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და ვამბობ საშინელი, სამარცხვინო ფორმით. ეს არ მახსოვდა და ამან ჩემზე ისე იმოქმედა, რომ წარმომიდგენია, სხვას რა მოუვიდოდა, განსაკუთრებით ზვიადის მომხრე ჩემს მეგობრებს, ვინც დღეს თანამოაზრეები ვართ დღევანდელ სიტუაციაში.
ზემოთ თქმული ინფორმაცია, პოლიტიკური აზრის გამოხატვის ამაზრზენი ფორმა, ზოგადად იმ დროს გამეფებული სიძულვილის და აგრესიის ენა, როცა ყველა ერთმანეთს უხვად ვურიგებდით სუკ-ის აგენტების, მოღალატეების იარლიყებს, ადვილად ვიჯერებდით ერთმანეთზე მართლა სუკ-ის მიერ გავრცელებულ ჭორებს, პოლიტიკისთვის უმწიფარი ასაკი – მოკლედ, ეს ყველაფერი ერთად გამოხატულია ამ გამოსვლაში, რითაც სხვებზე მეტად მე თვითონ ვარ შეძრწუნებული და არც ვიცი, როგორ, რა სიტყვებით გამოვხატო ჩემი სინანული.
ამას თავის გასამართლებლად არ ვამბობ – ჩემ სიტყვებს არანაირი გამართლება არა აქვს – ამას ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა მაინც მივხვდეთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. დღევანდელ დღემდე ჩემი შეცდომებით და თუნდაც ამ ყოვლად დაუშვებელი გამოსვლით აქამდე მოსული, კიდევ და კიდევ ჩემ წილ ბოდიშს ვიხდი იმ სიძულვილის ენისთვის, რითაც ბევრი წელი დავდიოდით ამ მიწაზე. 1989 წლიდან ეს ენა მეფობდა და ამ სიძულვილის მორევში ვიყავით ყველა – მტყუანიც და მართალიც! ამაზე უფრო ვრცლად იმ ადრე გამოქვეყნებულ წერილში ნახავთ, რასაც კომენტარში დავდებ. ახლა კი, ვისაც პატიების უნარი გაქვთ – არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისი მომხრეა. ვინ ზვიადისტია და ვინ ვისისტი, კიდევ ერთხელ – ბოდიში ამ ამაზრზენ სიტყვებზე, რაც არ მახსოვდა და ერთადერთი კარგი იმაში, რომ არ მახსოვდა, ისაა, რომ ერთი წუთით გულში არ მედო ის, რაც მაშინდელი სიძულვილის ენით ჩემი პირიდან ამოვიდა.
ბოლოს კი, არ შემიძლია, არ მივმართო მაინცდამაინც დღეს, ამ არჩევნების მერე ამ ვიდეოს მპოვნელ და გამავრცელებელ ჯგუფს: პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ ეს ცოდვა არ დამიტოვეთ მოუნანიებელი, თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ თქვენ ან ჩემში სინანულის გამოწვევის სურვილი, ან ზვიად გამსახურდიას მიმართ სიყვარული გამოძრავებდეთ, ვინც არ უნდა იყოთ. მე ეს უფრო ამ არჩევნებში უზურპაციის გზით მოსული ხელისუფლების გეგმის ნაწილი მგონია. მათ უკვე განაცხადეს სატელევიზიო სივრცის დაბალანსების, სხვადასხვა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ და ერთადერთი, რასაც ვერ აკონტროლებენ, სოციალური ქსელია. ამიტომ ყველაზე, ვისაც ივანიშვილის ბოლო მუქარის – სააკაშვილის და ენმ-ს განადგურების საწინააღმდეგო აზრი აქვს და აქაც ასე თუ ისე გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე, ყველაზე დაიწყება მსგავსი და შესაძლებელია სხვანაირი შეტევებიც.
მე ვთხოვ მათ, ვინც თანამოაზრეებად ვითვლებით დღეისათვის და ვისთვისაც არ ხმა და არც ფული არ მითხოვია, არ ჩაგვითრიოს ამ 25 წლის წინ დაწყებულმა აგრესიამ ახალი ძალით და ისევ ამ ქვეყნის სიყვარულმა გადაგვაბიჯებინოს თუნდაც წარმოუდგენელ სიტუაციებში საკუთარ თავზე – სხვნაირად ამ ბოროტებას ვერ დავამარცხებთ! მე ვთხოვ ენმ-ს ახალ ფრაქციას და მათთან დაახლოებულ პირებს, თუნდაც ოჯახის წევრებს: მერე რა, რომ მე ხმა თქვენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის პარტიას მოგეცით; მერე რა, რომ მე პარლამენტში არშესვლაში მეტ სარგებელს ვხედავდი, ვიდრე შესვლაში – ამისთვის ერთმანეთს ხომ არ უნდა გადავემტეროთ!
ადრეც გითხარით და ახლაც გიმეორებთ: თქვენ ხმა მოგცეს ივანიშვილის დასამარცხებლად და არა მიშას ან მისი რომელიმე თანამოაზრის ან დღევანდელი მომხრის წინააღმდეგ სამოქმედოდ, რაც ივანიშვილის გეგმებში შედის! და მიუხედავდ იმისა, რომ მე ვერ ვხედავ აზრს თქვენი მცირერიცხოვანი ფრაქციით „ქოცების” და „პატრიოტების” ორ მესამედთან გვერდით ყოფნაში, წარმატებებს გისურვებთ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.
P.S. ეს რომ არ დამეწერა, მოვკვდებოდი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 24 წლის ასაკიდან პოლიტიკაში ვარ, კიდევ დამრჩა სირცხვილის გრძნობა და მონანიების უნარი, თან წლებმაც თავისი მოიტანა და არა მხოლოდ ჩემს მახინჯ სხეულზე, როგორც ჩემი „კეთილისმსურველები” მამკობენ, არამედ ტვინზეც გამიჩინა ნაოჭები. ეს წერილი მონანიებაცაა და გაფრთხილებაც. ვინც პატიებას ვერ შეძლებს, ეს უკვე მისი პრობლემაა. მე დღეს ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ისევ იმ სიძულვილის მორევში არ აღმოვჩნდეთ, საიდანაც ბევრმა უკვე დავაღწიეთ თავი. სწორედ ამიტომ მე ჩემს კედელზე არ დავუშვებ არც ჩემი, არც თუნდაც ჩემი დღევანდელი თუ ყოფილი მოწინააღმდეგეების აგრესიით და სიძულვილით სავსე ჩანაწერების გამოქვეყნებას, რასაც უხვად მიყრიან „კეთილისმსურველები” ინბოქსში, რომ მეც ისევ ჩავყვე იმ მორევს, საიდანაც რამდენიმე წელია თავი დავაღწიე. ყველას, ვინც ასეთ ჩანაწერებს დამიდებს კედელზე ან კომენტარებში, წავშლი და დავბლოკავ. ჩვენ ბევრად მნიშვნელოვანი მტერი გვყავს დასამარცხებელი – ამ ქვეყნის მტერი! არ ვიცი, რამდენად გასაგებად დავწერე, რაც დავწერე. ასე არასდროს მინერვიულია, როგორც ამ წერილის წერისას”, – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.