“ორი დღეა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ლაპარაკობენ მაშინ, როცა ეს აზრად არავის გაუვლია, მსჯელობა არ ყოფილა და, არც მომდევნო 2 წლის განმავლობაში იქნება, – ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია და არავის ახსოვს. ამასთან როგორც მან აღნიშნა, კონსტიტუცია ჩამოსაყალიბებელია, რადგან სააკაშვილმა ის თავის თავზე მოირგო და ქვეყნის მოწყობის მსოფლიოში არარსებული მოდელი შექმნა, კონსტიტუცია კონსტიტუციას უნდა დაემსგავსოს, მაგრამ ეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს, რაც მხოლოდ იმ პარტიების სურვილს არ ნიშნავს, რომლებსაც 20 000 მხარდამჭერი ჰყავთ.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სრულიად გამაოგნებელი განცხადებები ისმის, რაც ნებისმიერ ქვეყანაში სერიოზული სკანდალი იქნებოდა.
„გამოდის პრეზიდენტის პრესსპიკერი და ამბობს, რომ პარლამენტმა თავის საქმეს უნდა მიხედოს და პარლამენტარების საქმე არ არის, ქვეყანა როგორ მოეწყობა, ან როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. პარლამენტი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოა და სწორედ პარლამენტი წყვეტს, საპრეზიდენტო რესპუბლიკა ვიქნებით თუ საპარლამენტო, კონსტიტუციური მონარქია გვექნება თუ თეოკრატია”, -განაცხადა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა.
„გაოგნებული ვარ. დავით უსუფაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ 2012-ში პოლიტიკური სივრცის გაქრობის გამო მისი პარტია იატაკქვეშეთში გადასვლას აპირებდა, დღეს აცხადებს, რომ ამომრჩეველმა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უნდა დაუჭიროს. ესეიგი, მხარი ზონდერ ბადრი ბასიშვილს უნდა დავუჭიროთ?! რესპუბლიკელები ამისკენ მოგვიწოდებენ?! ოპოზიციის მოწოდება, რომ ამომრჩეველმა მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭიროს, მხოლოდ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.