საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ცესკო თარიღის დანიშვნის გადაწყვეტილებას არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისას მიიღებს. არჩევნების საბოლოო შედეგები 28 ოქტომბრამდე უნდა შეჯამდეს, მეორე ტური კი, მაქსიმუმ 2 ნოემბრამდე გაიმართოს.
საარჩევნო კოდექსის 126-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა.
კოდექსის თანახმად, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. რისი ვადაც ამ შემთხვევაში 2 ნოემბერს იწურება.
კოდექსის თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მონაწილეობს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, იმართება ხელახალი არჩევნები.
„გურია ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში ცესკოს სპიკერი ანი მიქელაძე ამბობს, რომ მეორე ტურის დანიშვნა პირველი ტურის საჩივრების განხილვის ვადაზეა დამოკიდებული.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს თითოეული მონაცემის გადამოწმების და დაზუსტების პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანის ვადა დღეს 18:00 საათზე დამთავრდა, მიმდინარეობს განხილვის პროცესი. მოცემული დროისთვის დაკმაყოფილდა საჩივრების გარკვეული რაოდენობა; მათი უმრავლესობა კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხება. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ შემთხვევებში შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის მიუხედავად, თავად საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით საუბნო საარჩევნო კომისიების რამდენიმე წევრს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა.
პროცედურების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია საჩივარს განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში ერთი დღის ვადაში, სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად კი ისევ ორდღიანი ვადა აქვს”, _ ამბობს მიქელაძე.
მისი თქმით, მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 ნოემბერია.
„ცესკოს არჩევნების შედეგების შესაჯამებლად როგორც აღვნიშნე ბოლო ვადა 27 ოქტომბერს აქვს, თუმცა შესაძლებელია, რომ 27 ოქტომბრამდეც შეჯამდეს ეს შედეგები და დაინიშნოს მეორე ტური. მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 ნოემბერია. კონკრეტული თარიღის თქმა, როდის შეიძლება დაინიშნოს არჩევნების მეორე ტური, ჯერჯერობით არ შემიძლია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როდის დასრულდება საჩივრების განხილვის პროცესი”, _ ამბობს მიქელაძე.
შეგახსენებთ, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, 73- დან 50 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.
ამ ოლქებიდან პროცენტული მაჩვენებლით, “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ, მეორე ადგილზე გასულ კანდიდატთა უმეტესობა კი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდანაა”.
რაც შეეხება ბათილად ცნობილ უბნებს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ამ დროისთვის 7 უბნის შემაჯამებელი ოქმია ბათილად ცნობილი – 2 უბანი დმანისის, 2 -დიდუბის, 2 -მარნეულის და გლდანის ციხის არჩევნების მაჟორიტარული ოქმი.
ჩატარდება თუ არა ბათილად ცნობილ უბნებში განმეორებითი კენჭისყრა ჯერჯერობით გადაწყვეტილება არც ამაზეა მიღებული.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, “თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანში (უბნებში) და ამ უბანში (უბნებში) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ისეთია, რომ განმეორებითი კენჭისყრა გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო ოლქში არჩეული ან მეორე ტურში გასული პირის (პირების) გამოვლენაზე, საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულ ან მეორე ტურში გასულ პირს (პირებს) დაადგენს ამ უბნის (უბნების) გაუთვალისწინებლად”, ანუ განმეორებითი კენჭისყრა აღარ ჩატარდება.
გარდა ამისა, კოდექსში აღნიშნულია, რომ განმეორებითი კენჭისყრა შეიძლება დაინიშნოს არჩევნების როგორც პირველი ტურის, ისე მეორე ტურის შემდეგ.
“განმეორებითი კენჭისყრა იმართება, შესაბამისად, პირველი ან მეორე ტურიდან 2 კვირის ვადაში. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 2 კვირისა”, _ აღნიშნულია საარჩევნო კოდექსში.
აღსანიშნავია, რომ განმეორებითი კენჭისყრის შესახებ გადაწყვეტილება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმში უნდა იყოს მითითებული. აქედან გამომდინარე, განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მაქსიმუმ 27 ოქტომბერს 18:00 საათისთვის უნდა გახდეს ცნობილი.
წყარო: gurianews.com