ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ უთანასწორობა, რომელშიც გოგონებს უწევთ ცხოვრება“: ომბუდსმენი

სახალხო დამცველი გოგონათა საერთაშორისო დღეს ეხმიანება:

“მნიშვნელოვანია, რომ გავაცნობიეროთ გოგონათა როლი ქვეყნის მომავალი განვითარების პროცესში და ვაღიაროთ არსებული უთანასწორობა, რომელშიც გოგონებს უწევთ ცხოვრება. სამწუხაროდ, კვლავ დაბალია სათანადო განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ასევე, არასრულწლოვანთა მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ პირობებში”,-აღნიშნავს სახალხო დამცველი.

 

განცხადებაში ომბუდსმენი ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემასაც ეხება და აცხადებს, რომ აღნიშნული მიზეზით ყოველწლიურად მილიონობით გოგონა წყვეტს განათლების მიღებას. მისივე ინფორმაციით, კვლავ ხშირია ქორწინების იძულების შემთხვევებიც.

 

“აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მილიონობით გოგონა წყვეტს განათლების მიღებას  ადრეულ ასაკში ქორწინების გამო, რაც ხელს უშლის მათ განვითარებას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის აღნიშნული პრაქტიკის პრევენცია საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა. 2015-2016 წლებში სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა სკოლებში, როგორც მოსწავლეებთან ასევე, მშობლებთან, რაც გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ აღნიშნულ თემაზე მოსახლეობის ინფორმირების დონე. ხშირ შემთხვევაში,  ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებიც კი ვერ ხვდებიან, თუ რა ზიანის მომტანია ადრეულ ასაკში ქორწინება, როგორც განათლების, ისე ჯანმრთელობის კუთხით.

 

სამწუხაროდ, კვლავ გავრცელებულია ნიშნობებისა და ქორწინების იძულების შემთხვევები. მთავარ გამოწვევას კი, საზოგადოების მცდარი შეხედულებები და არაინფორმირებულობა წარმოადგენს. ასევე, მნიშნელოვანია, გამოსწორდეს სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება”,-აღნიშნავს სახალხო დამცველი.

 

მისივე ცნობით, ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლები გოგონა იბადება, რაც გენდერული ნშნით სქესის სელექციითაა გამოწვეული.

 

“ამასთან, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს გენდერული ნიშნით სქესის სელექცია, როდესაც არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკის გამო უპირატესობა ვაჟს ენიჭება, ამის შედეგად ყოველწლიურად უფრო ნაკლები გოგონა იბადება.

 

აუცილებელია, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქციოს ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში დაინერგოს სწავლება გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით და ეს გახდეს სასწავლო პროცესის არსებითი ნაწილი.

 

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას, უსვამს ხაზს ამ დღის მნიშვნელობას და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგონათა შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად”,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

იტვირთბა....