ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს უპირისპირდება: „ოთხი წელია არ დამისვენია და უცებ ოდესიდან, ღვინის ჭიქით, ბრძანებას ვიღებ…“

დიდი დაპირისპირება ენმ-ში. ამ დრომდე გაურკვეველია პარტია პარლამენტში შევა თუ არა. ენმ-ს ლიდერები, გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე შესვლის მომხრენი არიან. პარტიის ყოფილმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ორაზროვანი მინიშნება გააკეთა და ლიდერებს მოუწოდა, ხალხს კითხონ  შევიდნენ თუ არა. პარტიის შიგნით მიმდინარე  აშკარა დაპირისპირება ენმ-ს მხარდამჭერებმა არაერთგვაროვნად შეაფასეს. ნაწილის აზრით, პარტიამ სააკაშვილს უნდა დაუჯეროს და პარტიაში შესვლაზე უარი განაცხადოს.

გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარა ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს გამარჯვებას ხელი შეუშალა. ამის შესახებ ჩერგოლეიშვლი როგორც საკუთარ ფეისბუქგვერდზე, ასევე სოციალურ ქსელში, სხვადასხვა პოსტის ქვეშ წერს. გთავაზობთ ერთ-ერთ საჯარო პოსტზე დაწერილ კომენტარებს, სადაც თამარ ჩერგოლეიშვილი არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის როლს აფასებს:

 

„და სად არის მიშა? ჩამოვიდა? რა აყვირებდა ტრუხაზე თუ არ ჩამოდიოდა?

რატომ უნდა ვიგერიებდე მე ახლა ქოცების დაცინვებს მიშას ჩამოსვლაზე, როცა არც ეგ ჩამოსვლის მუქარები მომწონდა, მერჩივნა მოგვეგო, წყნარად ჩამოსულიყო, რომ პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინა და მხარდაჭერა აღედგინა (ეგეც მითია – ჩვენ მომხრეებშიც არ არის კონსენსუსი მიშას როლთან დაკავშირებით, არათუ მერყევებში – გაზომილია). მითუმეტეს ზუსტად ვიცოდი, რომ სანამ მისი დაჭერის 1 პროცენტიანი შანსი მაინც არსებობს, არ ჩამოვიდოდა.

და ახლა მე ვიგერიებ დაცინვებს იმაზე, რომ “გადაგვაგდო”.
რატომ?

და მარტო ქოცების თავდასხმებს კი არ ვიგერიებ, კიდევ ვიღაც გიჟები მოგვიქსია და მოღალატეებს აძახებინებს.

ჩემი ვალია რომ გამარჯვების რწმენა გავაღვივო, იმიტომ რომ ამომრჩევლის ნახევარი იმ პარტიას აძლევს ხმას, რომლის გამაჯვებისაც ჯერა. და ეს კარგად შევძელით.

მიშას ჩამოსვლა რაზეა დამოკიდებული? ბილეთის აღებაზე არა? თუ არ აპირებ გვირაბის გამოთხრას, რას გვატყუებ? მითუმეტეს როცა გიხსნით, რომ ხელს გვიშლის გამარჯვებაში?

მაგრამ ახლა ეგ თემაც არაა – ალბათ იმ ძალიან ცოტა ადამიანს შორის ვარ, ვინც მას კარგად იცნობს და უკან დაიხევს. ხომ გვლანძღეთ? – ძალიან ლამაზად დაინახავთ, რომ მიშა მხარს დაუჭერს მეორე ტურებში მონაწილეობასაც და პარლამენტში შესვლასაც.

ოთხი წელია არ დამისვენია და უცებ ვიღებთ ოდესიდან ბრძანებას ღვინის ჭიქით (ჩამოვალ ჩამოვალ ჩამოვალ – არ ჩამოვალ შემდეგ), რომ თურმე ჩვენ მიშას გარეშე ნულები ვართ და უნდა ბარიკადებზე დავდგეთ იმიტომ რომ ის ასე თვლის – დადგეს და დავთვალოთ ვინ უფრო ნულია, ჩვენ მიშას გარეშე, თუ მიშა ჩვენს გარეშე. თუ ასე თავხედობთ და დატოლებაზე წავიდა საქმე.

მარტივია. ჩამოვიდეს და დადგეს მიშა მეგი გოცირიძესთან, ნანა ჟორჟოლიანთან და ელისო კილაძესთან ერთად და შეუტიოს.

ჩვენ ხომ მოღალატე ნულები ვართ მის გარეშე.  ჩვენ მიშას გარეშე ნულები ვართ და თქვენ გააგრძელეთ. ჩვენ ჩვენსას ვიზამთ.

დილიდან დაგვხვდა შეურაცხყოფების ნიაღვარი, რაც ცხადია პირველი არ არის, ყველაფერს აქვს საზღვარი.

შეურაცხყოფაზე პასუხს მიიღებს ყველა. როდესაც მეუბნები, რომ მიშას გარეშე ნული ვარ და როდესაც ზუსტად ვიცი ვინ გასცა ეს ინსტრუქცია, აუცილებლად გაეცემა ყველაფერს პასუხი.

უღირსი საქციელი უნდა შეფასდეს.

საქმე მიშაში, გიგაში, გრიშაში და ნათელაში არ არის, საქმე არის პრინციპებში და ამ პრინციპების ერთგულებაში. რის გამოც ერთს შეურაცხყოფ სასტიკად, მეორეს არ უნდა უწვებოდე.ესაა ჩემი პრინციპი და არ გადავუხვევ არასდროს, როგორც არ უნდა მიკიჟინოთ, რომ პარტიას ვაყენებ ზიანს.

პრინციპების ერთგულება არავის აყენებს ზიანს გარდა მავნებლებისა.

წადით შექმენით ცალკე პარტია, ერთია და აბსოლუტურად ლეგიტიმური პრეტენზიაა.

ხო, თუ პარტიის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო შენ მხარეს არ არის და ამას ვერ ეგუები, უნდა წახვიდე.

მაგრამ “ეს პარტია მიშასია”, “მიშას გარეშე ნულები ხართ”, “მოღალატეები ხართ” არის სრულიად მიუღებელი.

მიშა ვინ არის ჩვენს გარეშე? ამაზე არ გიფიქრიათ?

მიშას შექმნილი არ არის ეს პარტია. ეს პარტია არის მიშას და მისი გუნდის შექმნილი. თუ გუნდის უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდნენ – პარტია არ შევა. თუ გადაწყდება რომ უნდა შევიდნენ – შევა.

თუ მანდატ მოპოვებული წევრებიდან ვინმეს უმრავლესობის გადაწყვეტილება არ მოეწონება, ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის.

მანდატი სიამ და სიაში მყოფმა ადამიანებმა მიიღეს – ვისი ხათრით, ეს ცალკე საკითხია და ამაზე ვერასოდეს შევთანხმდებით.“-წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

 

„მგონი, ახლა ყველამ უნდა დაიოკოს ემოციები და გონებით განვსაჯოთ, თუ სად ვიმყოფებით და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მაქსიმალურად ფართოდ და დემოკრატიულად და ამავე დროს მშვიდად უნდა გამართოს დისკუსია დაშვებულ შეცდომებზე,  შიდა პარტიული დემოკრატიის გაფართოებაზე.  ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ მოხდა, რომ ფაქტობრივად საერთო ელექტორატის 25%-იანი მხარდაჭერის მქონე ივანიშვილმა შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ისე, რომ ჩვენ, 2003 წლისგან განსხვავებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოვახერხეთ აშკარა დარღვევებისა და გაყალბებების სათანადო დონეზე დოკუმენტირება. დეპუტატებმა, რომლებიც შევლენ პარლამენტში ჩემი აზრით, ასევე ფართოდ უნდა განიხილონ აქტივისტებთან, თუ როგორ აპირებენ პარლამენტს გარეთ ჩვენ აქტივთან კოორდინირებას და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოში თავისუფალი მედია არ განადგურდეს, პოლიტიკურმა რეპრესიებმა კიდევ უფრო ფართო ხასიათი არ მიიღოს და არ დავუშვათ რუსი ოლიგარქის მიერ ძალაუფლების უზურპაცია. ახლა, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენოს ქვეყნის გადარჩენა, რასაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის კარგად ახერხებდა“,- წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

იტვირთბა....