მოსამართლეთა მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები შესაძლოა დასჯადი გახდეს, – აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს ეკუთვნის, რომელიც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან შეხვედრაზე გააჟღერა. ინიციატივის თანახმად, მოსამართლეთა მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები მკაცრ ფინანსურ სანქციას უნდა ითვალისწინებდეს.
„გურია ნიუსთან“ ინტერვიუში მურუსიძემ აღნიშნა, რომ ეს სისტემა სამაგალითო იქნება სხვა ადვოკატებისთვის, რომ მათ არ ჰქონდეთ სურვილი, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენონ სასამართლო სისტემას.
„თვეების განმავლობაში მიმდინარეობს მოსამართლეების ლანძღვა, ტალახის სროლა, ეს უკვე აღარ არის კრიტიკა; ამიტომ სასამართლო სისტემა, მოსამართლეები ვფიქრობთ, როგორ მოვახდინოთ ამის პრევენცია. წამოვაყენე იდეა, რომ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ პროცესზე გამომსვლელ მხარეებს – ადვოკატებს, პროკურორებს მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ საკუთარი გამონათქვამების მიმართ. თუ ადვოკატი, რომელიც გამოდის და მოსამართლეს შეურაცხყოფას აყენებს, მის მიმართ უნდა არსებობდეს მექანიზმი, ჯარიმა ან სხვა რამ, რომელიც დაიცავს სასამართლოს და მოსამართლის იმიჯს შეურაცხყოფისაგან. სასამართლო კორპუსი იმსჯელებს ამ ინიციატივაზე და ვნახავთ რა გამოვა. ერთი რამ ჩემთვის ცხადია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. წლების განმავლობაში ჩვენ გველაპარაკებოდნენ, რომ კლანი ვართ, ახლა ადვოკატმა ისიც განაცხადა, რომ რაიონულ სასამართლოში საერთოდ უვარგისი მოსამართლეები არიან და საქალაქო სასამართლოში 2-3 მოსამართლეა ღირსეული, დანარჩენებმა ხაჭაპურები უნდა გამოაცხონ. ვფიქრობ, ადვოკატი, რომელიც ასეთ შეურაცხყოფას აყენებს სასამართლო კორპუსს, საჯარიმო ღონისძიებას უნდა დაექვემდებაროს, ეს სამაგალითო იქნება სხვა ადვოკატებისთვის, რომ მათ არ ჰქონდეთ სურვილი, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენონ სასამართლო სისტემას“- განაცხადა მურუსიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას.