თუკი არჩევნების მეორე ტურში კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ ტურში ხმების უფრო მეტი რაოდენობა დააგროვა, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საარჩევნო კანონმდებლობაში დეტალურად არის განსაზღვრული პირველი და მეორე ტურის ჩატარების შემთხვევები. მეორე ტური იმართება, თუკი ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მონაწილეობას ღებულობს მეორე ტურში. თუკი მეორე ტურში კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ ტურში ხმების უფრო მეტი რაოდენობა დააგროვა.
რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელს ირაკლი ალასანიას, რომელიც გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს, ანა მიქელაძის განმარტებით, პირველადი მონაცემებით ირაკლი ალასანია მონაწილეობას მიიღებს არჩევნების მეორე ტურში.
„იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე კანდიდატს არ ექნება სურვილი არჩევნების მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა, მისი მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში მაინც იქნება მითითებული. თუკი კანდიდატი მეორე ტურში გაიმარჯვებს და უარს განაცხადებს საკუთარ მანდატზე, ამ შემთხვევაში შუალედური არჩევნები ჩატარდება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
შეგახსენენებთ, საქართველოში არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა.