ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განმარტებით, განცხადებები ცესკო-ს მხრიდან წინასწარი შედეგების გამოცხადების დაგვიანებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და არაზუსტია და სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყველა საარჩევნო უბანზე იყო ორი ბიულეტენი. ასევე, უბნების ნაწილზე იყო სამი, ნაწილზე კი, ოთხი საარჩევნო ბიულეტენი.
შესაბამისად, მისი თქმით, საარჩევნო საკითხებში ჩახედულმა ყველა პირმა იცის, რომ ბიულეტების რაოდენობიდან გამომდინარე, დათვლის პროცესი არის შესაბამისი და მას დრო სჭირდება.
თამარ ჟვანიას განცხადებით, მიმდინარე წლის არჩევნებზე არსებული ბიულეტენის რაოდენობის გათვალისწინებით, წინასწარი შედეგების გამოცხადება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მოხდა.
მან ამის დასტურად მოიყვანა მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენ საათში გამოცხადდა წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებზე საარჩევნო უბნების დახურვიდან წინასწარი შედეგები. წელს კი, მისი თქმით, ამ შედეგების გამოცხადება პროპორციულ ნაწილში უბნების დახურვიდან 5 საათის შემდეგ მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგნლების განცხადებით, ცესკო წინასწარი მონაცემების გამოცხადებას იმ მიზეზით აგვიანებს, რომ იმ შედეგის დასმას ცდილობს, რომელიც სამი ტელევიზიის მიერ ეგზიტპოლებით გამოცხადდა.