ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი ხვალ 12 საათის განმავლობაში იმუშავებს

სერვისების განვითარების სააგენტო არჩევნების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის, ან სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით მიწოდებულ ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეთათვის დროული დახმარების გაწევის მიზნით, 8 ოქტომბერს, დილის 08:00 სთ-დან, საღამოს 20:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი +995 32 2 40 10 10 იმუშავებს.

 

2013 წლიდან სააგენტო ინტენსიურად იყო ჩართული ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის სამუშაოებში, რათა მას ცესკო-სთვის ამომრჩეველთა სიებისათვის მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები მაქსიმალურად სრულყოფილად გადაეცა.

 

ამჟამად ცესკო-სთვის გადაცემულ პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3 577 416 პირის მონაცემებია. ამ ეტაპისათვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2 465 550 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი უტყუარი და დაზუსტებულია. 2012 წელს ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778.207 იყო. 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 1 143 148 მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 952 284), რამააც საარჩევნო სიების მნიშვნელოვანი დახვეწა განაპირობა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი − 2“ 2015 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში ხარისხიანი საარჩევნო სიის შესადგენად გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა. საარჩევნო სიების სრულყოფისათვის სააგენტომ მუშაობა რამდენიმე მიმართულებით აწარმოა, კერძოდ:

 

ფოტოსურათების დადარება – გადამოწმდა 2 008 432 საქმე; გაუქმდა 488 გაორებული და 151 გაყალბებული დოკუმენტი; გასწორდა 1 399 არასწორად მიბმული სურათი;

 

გარდაცვალების ფაქტების გამოვლენა და რეგისტრაცია – იმ პირებთან დაკავშირებით, რომელთა გარდაცვალების შესახებაც ოჯახებმა თავის დროზე არ განაცხადეს, შედგენილია 3 654 გარდაცვალების ოქმი და გარდაცვლილი (მათ შორის, საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდაცვლილი) ამორიცხულია მოქალაქეთა ბაზიდან;

 

მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების შემცირება – აღდგენილია 1 135 ჩანაწერი, 15 ჩანაწერი გაუქმდა საქმისწარმოების დროს აღმოჩენილი გაორების გამო, საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული უსურათო დოკუმენტიდან მოძიებულია და ბაზაში ასახულია 6 566 მოქალაქის ფოტო;

 

შეუსაბამობა სქესში და არასწორად მიბმული ფოტოების გამოვლენა – შესწავლილია 40 000 ჩანაწერი; შესწორებულია 252 პრობლემური ჩანაწერი;

 

დოკუმენტების გაცემა საფასურის გარეშე – 2016 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით უფასო აქციების ფარგლებში გაიცა 343 012 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ აქციებით მოქალაქეებმა მოაგვარეს საარჩევნო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა.”- აღნიშნულია სერვისების სააგენტოს განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....