ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ცარიელი სკამი“: რატომ არ მიდის „ოცნება“ დღევანდელ დებატებში და რას ფიქრობს ამაზე პარლამენტის სპიკერი

 

„პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც დებატებს გაურბის, ის პოლიტიკურ ლიდერობასა და ქვეყნის მართვაზე უარს ამბობს“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობას არ აპირებს.

„ეს ჩემთვის სრულიად აღმაშფოთებელი და წარმოუდგენელია „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების მხრიდან, რომლებიც დებატებს ყველგან თავს არიდებენ. არც „ქართული ოცნება“, არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ორი-სამი სხვა პარტია არ მობრძანდნენ საზოგადოებრივ არხზე დაგეგმილ დებატებში. ისიც არ იკადრეს, საზოგადოებისთვის აეხსნათ, რატომ. პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც დებატებს გაურბის, ის პოლიტიკურ ლიდერობასა და ქვეყნის მართვაზე უარს ამბობს. დებატები არ არის უფლება, არჩევნების წინ დებატებში მონაწილეობა პოლიტიკოსების ვალდებულებაა“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

ის „ოცნებას“ მოუწოდებს, რომ თუ არ მივლენ გადაცემაში, ტრიბუნა ცარიელი დატოვონ და დანარჩენ პარტიებს საშუალება მისცენ მათი ხედვები დააფიქსირონ.

„ასევე, აღშფოთებული ვარ და მინდა, „რუსთავი2“-მა თავისი ეთერით საზოგადოებას ამცნოს, რომ ამ შემთხვევაში, „რუსთავი2“ „ქართული ოცნების“ ჭკუაზე დადის. თუ ისინი არ მოვლენ, საზოგადოებას დანარჩენი პარტიების დებატები არ აინტერესებს?! არ მოვლენ, მათი ტრიბუნა ცარიელი დატოვეთ და დანარჩენ პარტიებს საშუალება მოგვეცით, ჩვენი ხედვები გავარკვიოთ. მედია პოლიტიკური მხარე ნუ იქცევით, თუ ვინმე არ მოდის, ნუ მოვა – სკამი დატოვეთ ცარიელი“, – დასძინა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში მონაწილეობას არ მიიღებს, სადაც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ლიდერები უნდა წარსდგნენ.

იტვირთბა....