ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ შიდა ქართლში ამუშავდა. ელექტროსადგურის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილი დაესწრნენ:
„მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. განსაკუთრებული მადლობა კახი კალაძეს, რომელმაც წამოიწყო ეს პროექტი და რეალობად აქცია. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო და განხორციელდა ეს პროექტი, დიდი მადლობა ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს, პროცესში მონაწილე თითოეულ ადამიანს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ამ პროექტში, ასევე კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს უპრეცედენტოდ მოკლე დროში. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების ქარის ელექტროსადგური, რომელიც ფუნქციონირებს ალტერნატიული ენერგიის წყაროს გამოყენებით. თავისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს ელექტროსადგური მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომლის ღირებულებაც 34 მილიონ დოლარს შეადგენს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ახალი ელექტროსადგური, ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიის ხარჯზე დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა.