„ვარდების მოედანზე“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციას სამეგრელოდან ჩამოსულთა ნაწილიც შეუერთდა. როგორც ენმ-ის ლიდერმა, დავით ბაქარაძემ განაცხადა, აქციაზე დამსწრეთა შემომატებას ელიან. ბაქრაძის განცხადებით, „ვარდების მოედანი“ მხარდამჭერებით სავსეა. „მეტრონომის“ ჟურნალისტი აქციაზე იმყოფება.
ასევე, ენმ-ის წევრების განცხადებით, ხელისუფლების დავალებით მეტროც არ მუშაობდა, რომ მხარდამჭერებს მისვლა არ შესძლებოდათ.
როგორც „მეტრონომს“ სატრანსპორტო კომპანიის პრესცენტრში განუცხადეს, ინფორმაცია მეტროს შეფერხების შესახებ არასწორია:
„მეტრო ჩვეულებრივად მუშაობს, მხოლოდ 15:15 წუთზე, რუსთაველის და თავისუფლების გადასარბენ მონაკვეთზე დაფიქსირდა 15-წუთიანი შეფერხება. ეს შეფერხება გამოიწვია მატარებლის დაზიანებამ. ამ ეტაპზე მეტროს მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.“ – განუცხადეს „მეტრონომს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე სიტყვით დეპუტატი გივი თარგამაძეც გამოვიდა.
“27 წლის ასაკში ჩემი ბაბუა ოკუპანტებმა დახვროტეს და მეორე ასეთს ვერ მიიღებენ. მე თქვენთამ ერთად ვლოცულობ, რომ ის დაშავებული ადამიანი, რომელიც გუშინდელი აფეთქების დროს დაშავდა გამოჯანმრთელდე” – აღნიშნა აქციაზე თარგამაძემ.
მოგვიანებით, აქციაზე პირდაპირ ეთერში ჩაერთო ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„ჩვენ ივანიშვილი სახელმწიფო დაფინანსებით უნდა გავუშვათ საზღვარგარეთ სასწავლებლად, მან უნდა ისწავლოს სხვა დიქტატორებს შორის“ – განაცხადა სააკაშვილმა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი პარლამენტის ძველ შენობასთან მისვლას და აქციის იქ გაგრძელებას გეგმავენ.