შინაგან საქმეთა სამინისტრო დედაქალაქის ცენტრში სპეცრაზმის გადაადგილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებეს
„2 დღის წინ შსს-ში იმყოფებოდნენ აქციის ორგანიზატორები, რომლებმაც სამართალდამცველებს მიაწოდეს ინფორმაცია დღევანდელი შეკრების შესახებ. შესაბამისად, კანონის თანახმად, შსს უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას.
ეს არის კანონით განსაზღვრული ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, რომელიც წინასწარ, ოფიციალურად დაგეგმილი და დაანონსებული დემონსტრაციებისა და შეკრებების დროს არის გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევებში, საზოგადოების და მათ შორის, ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შს სამინისტრო ყოველთვის მოქმედებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად.
აღნიშნულ უფლებამოსილებებს პოლიცია ახორციელებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2015 წლის 30 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1002 ბრძანების შესაბამისად, რომელიც დეტალურად აწესრიგებს შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით პოლიციელის მიერ განსახორციელებელ ქმედებებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.