ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

დაპირისპირება ზუგდიდში: „ვიცავდი ჩემს მეუღლეს და პატარა ბავშვს“

ზუგდიდის სოფელ დიდინეძში მომხდარი ინციდენტის მონაწილეები ზუგდიდის სამმართველოსთან იმყოფებიან, ერთ-ერთი მათგანი კახა ქირია კი დაკითხვაზეა შესული.

„ნაციონალური მოძრაობის“ დიდინეძის შტაბის უფროსი პაპუნა კუკავა დაკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მეორედ დაკითხვაზე რატომ დამიბარეს, ჩემთვის უცნობია. მე ვიყავი დაკითხვაზე, მივეცი ჩვენება, როგორც იყო, დღეს ისევ დაბარებული ვარ და ჩემს ადვოკატთან ერთად გამოვცხადდი. საღამოს, როცა სახლში გადავაადგილდებოდი ჩემი პირადი მანქანით, ჩემი ქუჩის გადასახვევთან დამხვდნენ ახალგაზრდა პირები. დავინახე, რომ სადღაც 8-10 ახალგაზრდა იდგა ჩემს სავალ ნაწილზე. მიმართვაზე, რომ გაეთავისუფლებინათ გზა, არც მე დავეღუპე და არც თვითონ მოსვლოდათ რამე, აგრესიულად მითხრეს, რომ კარგად იცოდნენ მოძრაობის წესები და მომვარდნენ მანქანაში. მანქანას წიხლები ურტყეს. მანქანაში შემოღწევას და გალახვას ცდილობდნენ. ხელიც დამარტყეს. გავექეცი ამათ. წავედი ჩემი სახლისკენ, რომელიც სადღაც ას მეტრში იყო. გინებით, ქვების სროლით გამომეკიდნენ. გზაში მელოდებოდა ჩემი ფეხმძიმე მეუღლე პატარა ბავშვთან ერთად. მე ვეცადე დამეცვა ჩემი ოჯახი. მომვარდნენ, რაც გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ეს გაგრძელდა დაახლოებით ხუთი წუთი. მერე წავედი სახლისკენ. დავტოვე ესენი. შეიკრიბა სადღაც ასი კაცი, მეზობლები, უცნობები მანქანებით. ქვებს გვიშენდნენ, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრი მომხვდა. ვიცავდი ჩემს მეუღლეს და პატარა ბავშვს. დაზიანებულია ჩემი მანქანა, დაზიანებულია ჩემი ნათესავის მანქანაც. ორივე არის დამტვრეული. მე ვიყავი ექსპერტიზაზე. დაჟეჟილობები მაქვს ტანზე”, – განაცხადა კუკავამ.

შეგახსენებთ, გუშინ „ქართული ოცნების“ ინფორმაციით. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს. ფიზიკური დაპირისპირება ერთიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოხდა.

მომხდარი ფაქტის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმაც გაავრცელა:

„1 ოქტომბერს, დაახლოებით 21.00 საათზე, ზუგდიდის სოფელ დიდინეძში ავრცელებდნენ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალებს. სოფელში გზის პირას მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან შენიშნეს ორი პირი და დააპირეს სააგიტაციო მასალის მათთვის გადაცემა, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მმართველობის ეპოქა დასრულდებოდა და ამ სოფელში მათ არაფერი ესაქმებოდათ. აქტივისტები მათ განერიდნენ, თუმცა აღნიშნული პირები რამდენიმე წუთში მანქანით დაეწივნენ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სოფლის დატოვება მოსთხოვეს.

გზის გაგრძელების შემდგომ, ლ. დ-მ დაინახა რომ მის მეგობრებზე დაახლოებით 7–8 პირი ძალადობდა. იგი ერთ–ერთ მათგანთან მივიდა, რომელიც მანამდე ხსენებულ ავტომობილში იჯდა და ძალადობის შეწყვეტა მოსთხოვა, რაზეც შეურაცხმყოფელი პასუხი მიიღო. აღნიშნულმა პირმა მას სახეში დაარტყა, წაქცეულს ყელზე ხელი მოუჭირა და დახრჩობა დაუპირა, თუმცა სოფლის სხვა მაცხოვრებლები ჩაერივნენ და გაიყვანეს. ლ.დ.-მ ფეხზე წამოდგომის შემდგომ დაინახა, რომ თ.მ. იწვა წყლის არხში, ხოლო მანამდე ავტომობილში საჭესთან მჯდომი პირი მას თავში ქვას ურტყამდა, რის შემდგომ მანაც გონება დაკარგა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდა შეიყვანეს. ორს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ერთს კი თავის ზედაპირული ტრამვა. ერთ-ერთ მათგანს თავის არეში მიყენებული დაზიანების გარდა, ყელზე ნაჭდევებიც აღენიშნება“ – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

იტვირთბა....