„პოლიციისთვის წამზომი ჩართულია, მე არ ვაპირებ ამ წამზომის არც სწრაფ რეჟიმში გადაყვანას, მაგრამ მათ დრო ეწურებათ“- ამის შესახებ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ, გორში მომხდარ თავმდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
„კობახიძემ არაფერი იცოდა ნახევარი საათით ადრე რა განცხადებას გავაკეთებდი. მან წინასწარვე დაანონსა, რომ მე ამას პოლიტიკურ სარჩულს დავუდებდი და ცოტა ეჭვის შემქმნელია მისი ასეთი ვარაუდები. არ უნდა ვიმკითხაოთ და მითქმა-მოთქმას არ უდნა ავყვეთ, ეს ერთი. მეორე, მისი ეს განცხადება იყო საკმაოდ ცინიკური, საკმაოდ უპასუხისმგებლო, არასახელმწიფოებრივი. იმ დროს, როდესაც ორი ადამიანი იყო დაჭრილი მათი აქტივისტების მონაწილეობით, ინსპირირებით, მათი აქტივისტების მიერ ამ კრიმინალების შეგულიანებით. მე შემთხვევით არ მომიტანია ქართული ოცნება არსაიდან. მათი აქტივისტები მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში და ბუნებრივია ეს ყველაფერი დაბრალდა ქართულ ოცნებას და არა სხვა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის საქმის გამოძიებისა და დამნაშავე პირის დასაკავებლად წამზომი ჩართულია. მისივე თქმით, ვადა ხელისუფლებას 8 ოქტომბრამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის „საკუთარი წესებით“ იმოქმედებს.
„პოლიციისთვის წამმზომი ჩართულია, მე არ ვაპირებ ამ წამზომის არც სწრაფ რეჟიმში გადაყვანას, მაგრამ მათ დრო ეწურებათ. ეს დრო ლოგიკურად არის საარჩევნო დღემდე. თუ საარჩევნო დღეს ეს ადამიანი არ იქნება დაკავებული, ეს იქნება მკაფიო გზავნილი ამ კატეგორიის სხვა ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში ქართული ოცნების მხრიდან, რომ ნუ გეშინიათ ბიჭებო ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ, თუ ეს ყველაფერი მათთვის კარგად იქნება, მე შეიძლება ვიმოქმედო ჩემი წესებით, ჩემი რესურსებით მათ წინააღმდეგ,“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. კერძოდ, როგორც ოქრუაშვილი აღწერს, ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად დიაჭრა ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ოქრუაშვილმა გვარებიც დაასახელა. მომხდარში მან ედუარდ ნუცუბიძე და ალექსანდრე ინდიაშვილი დაადანაშაულა. ამავდროულად, როგორც მან აღნიშნა, გორში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კახი კალაძის ცოლის ძმას მიუძღვის წვლილი.