„ამაზრზენია ეს ყველაფერი, როგორი გონორით ესაუბრება ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს გვარამია“ – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მან ამ განცხადებით სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული ჩანაწერი შეაფასა და ამაზრზენი უწოდა.
”ამაზრზენია ეს ყველაფერი, როგორი გონორით ესაუბრება ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს. მე მხოლოდ ამაზე გავაკეთებ აქცენტს, ბურჭულაძესთან საუბარი გაიხსენეთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა განცხადება, რომელსაც გვარამია სასამართლოზე აკეთებდა ფარსია და ის მხოლოდ იმ მოსამართლეებს ”ლანძღავს, რომლებმაც ”ნაციონალური მოძრაობის” გავლენისგან თავი დააღწიეს”.
”მინდა აქვე გავიხსენოთ ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც ძალიან მძაფრ გამონათქვამებს არ ერიდებოდა, როცა მიდიოდა ”რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი. ორი მესაკუთრე ედავებოდა ერთმანეთს და ნახეთ, როგორ განცხადებებს აკეთებდნენ ხელოვნების წარმომადგენლები, ძალიან ცნობილი მოცეკვავეები, მწერლები მიდოდნენ, ხელოვნების სხვა მოღვაწეებიც. ახლა როცა მე სიყალბე გამომიქვეყნდა ”რუსთავი 2”-მა, გამოვიდნენ და თქვან, რომ რცხვენიათ, რომ მას იცავდნენ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტელევიზიაც უნდა იყოს, რომ საზოგადოებამ თავად გააცნობიეროს რა არის ცუდი”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.