ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს: ის გვარებს ასახელებს და კალაძის ცოლისძმას მოიხსენიებს

 

გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. კერძოდ, როგორც ოქრუაშვილი აღწერს, ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად დიაჭრა ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოქრუაშვილმა  გვარებიც დაასახელა. მომხდარში მან ედუარდ ნუცუბიძე და ალექსანდრე ინდიაშვილი დაადანაშაულა. ამავდროულად, როგორც მან აღნიშნა, გორში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კახი კალაძის ცოლის ძმას მიუძღვის წვლილი:

”დილიდან, საარჩევნო რეჟიმში ვაწარმოებდით შეხვედრებს ჩვენს აქტივისტებთან ერთად, გორის ერთ-ერთ უბანში. ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი კოორდინატორი, ვინმე ედუარდ ნუცუბიძე დილიდან ცდილობდა ჩვენი სხვადასხვა შეხვედრის ჩაშლას, რაც არ გამოუვიდა. ბოლოს, მეოთხე თუ მეხუთე შეხვედრაზე, მან მოიყვანა მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ადამიანის დაჭრაზე, იარაღის უკანონო ტარებაზე არაერთგზის ნასამართლევი ალექსანდრე ინდიაშვილი, რომელიც ცნობილი კრიმინალია გორში. მას ჰქონდა სურვილი აერია ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრა. ჩემი დაცვის თანამშრომლებმა საკმაოდ კორექტულად და დელიკატურად აუხსნეს, რომ მას ეს არ გამოუვიდოდა. ბოლოს შეხლა-შემოხლის შედეგად მან ამოიღო იარაღი და რამდენიმე მიზანმიმართული გასროლა მოახდინა, როგორც ჩემს, ასევე ჩემი დაცვის წევრების მიმართულებით. დაჭრილია ჩემი დაცვის ერთი წევრი და ჩვენი ერთ-ერთი კოორდინატორი. ყველაფრის თავია კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა აი ამ ბიჭების აქტიურობას. ის აძლევდა გარანტიებს ამ ბიჭებს, რომ მათ არავინ შეეხებოდა”, – განუცხადა გუშინ ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინციდენტის მონაწილე პირი დადგენილია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“,  ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურ მოტივს არ უკავშირებს.
როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, იგი სრულად გამორიცხავს ამ ინციდენტში „ქართული ოცნების“ აქტივისტების მონაწილეობას, მით უმეტეს „ქართული ოცნების“ ლიდერების კავშირს:

„გორში მოხდა სამწუხარო ინციდენტი, რომელიც დაიწყო შელაპარაკებების ნიადაგზე. ეს შელაპარაკება დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და ადგილობრივ მოსახლეებს შორის და, სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს მოჰყვა მძიმე ინციდენტი, რაც გამოიხატებოდა ადამიანების დაჭრაში. ჩვენთვის, ბუნებრივია, ეს ყველაფერი დასაგმობია, რაც იქ მოხდა, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ ამას არ ჰქონდა პოლიტიკური სარჩული. ქმედების მოტივი იყო არა პოლიტიკური, არამედ ეს ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივი შელაპარაკების საფუძველზე ირაკლი ოქრუაშვილს, მის მხარდამჭერებსა და გორის კონკრეტულ მოსახლეებს შორის“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

იტვირთბა....