“ვაფრთხილებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ბოროტად ნუ ისარგებლებენ ჩვენი აქტივისტების თავშეკავებული და ღირსეული მიდგომით და ნუ ეცდებიან ძალადობრივი აქტების განხორციელებას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძე დიდინეძში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთელ გამოავლინა თავისი სახე“.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს სამ აქტივისტს, მათ შორის, ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელობამ, მათ შორის, პირველ რიგში თენგიზ გუნავამ, სცადა აღნიშნული ინციდენტის „შეფუთვა“. ვაფრთხილებ „ნაცმოძრაობას“, ბოროტად ნუ ისარგებლებენ ჩვენი აქტივისტების თავშეკავებული და ღირსეული მიდგომით და მომავალი დღეების განმავლობაში ნუ ეცდებიან ძალადობრივი აქტების განხორციელებას. ჩვენი აქტიური ძალისხმევით, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, ჩვენ შევძელით მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის საშუალებას არავის მივცემთ. მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს, სათანადოდ გამოიძიონ აღნიშნული ძალადობრივი აქტი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებს, არ აჰყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს. ფიზიკური დაპირისპირება ერთიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოხდა.