საქართველოს სახალხო დამცველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში მომხდარი ძალადობის შემთხვევას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცადებაშია აღნიშნული, ომბუდსმენის განმარტებით, 1 ოქტომბერს მომხდარი ძალადობის გამოვლენის ერთ-ერთი მიზეზი მანამდე არსებულ ძალადობაზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებაც შეიძლება იყოს.
“სახალხო დამცველის აპარატის სამეგრელო-ზემოს სვანეთის სამმართველოს წარმომადგენელი ინფორმაციის გავრცელებისთანავე შეხვდა სოფელ დიდინეძში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულ პირებს თ.მ-ს და ლ.დ-ს. თ.მ-ს არ ახსოვდა მომხდარი ინციდენტი და მისი საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზები, ხოლო ლ.დ-ს განმარტებით, 1 ოქტომბერს, დაახლოებით 21.00 საათზე, ზუგდიდის სოფელ დიდინეძში ავრცელებდნენ „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალებს. სოფელში გზის პირას მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან შენიშნეს ორი პირი და დააპირეს სააგიტაციო მასალის მათთვის გადაცემა, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მმართველობის ეპოქა დასრულდებოდა და ამ სოფელში მათ არაფერი ესაქმებოდათ. აქტივისტები მათ განერიდნენ, თუმცა აღნიშნული პირები რამდენიმე წუთში მანქანით დაეწივნენ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და სოფლის დატოვება მოსთხოვეს.
გზის გაგრძელების შემდგომ, ლ. დ-მ დაინახა რომ მის მეგობრებზე დაახლოებით 7–8 პირი ძალადობდა. იგი ერთ–ერთ მათგანთან მივიდა, რომელიც მანამდე ხსენებულ ავტომობილში იჯდა და ძალადობის შეწყვეტა მოსთხოვა, რაზეც შეურაცხმყოფელი პასუხი მიიღო. აღნიშნულმა პირმა მას სახეში დაარტყა, წაქცეულს ყელზე ხელი მოუჭირა და დახრჩობა დაუპირა, თუმცა სოფლის სხვა მაცხოვრებლები ჩაერივნენ და გაიყვანეს. ლ.დ.-მ ფეხზე წამოდგომის შემდგომ დაინახა, რომ თ.მ. იწვა წყლის არხში, ხოლო მანამდე ავტომობილში საჭესთან მჯდომი პირი მას თავში ქვას ურტყამდა, რის შემდგომ მანაც გონება დაკარგა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდა შეიყვანეს. ორს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ერთს კი თავის ზედაპირული ტრამვა. ერთ-ერთ მათგანს თავის არეში მიყენებული დაზიანების გარდა, ყელზე ნაჭდევებიც აღენიშნება.
დემოკრატიული სახელმწიფოს დამახასიათებელი ღირებულება და დემოკრატიის რეალიზების უმთავრესი ფორმაა ხელისფლების არჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების შედეგად. თავისუფალი არჩევნების უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებაა. ცხადია, მასში არ მოიაზრება მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულება ძალადობისგან თავისუფალ პირობებში ჩაატაროს კენჭისყრის პროცესი. არამედ გულისხმობს კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული ინციდენტების და საჩივრების სამართლიანი განხილვის, სწორი კვალიფიკაციისა და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის ვალდებულებასაც.
არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარებულად გამოცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი კენჭისყრის პროცესი მოქმედი კანონმდებლობის ზუსტი დაცვის პირობებში წარიმართება; კენჭისყრის დროს არსებულ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირება იქნება ადეკვატური; საჩივრების და სარჩელების განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები იქნება დასაბუთებული და წინასაარჩევნო გარემო იქნება ძალადობისგან თავისუფალი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში 2016 წლის 1 ოქტომბერს მომხდარი ძალადობის გამოვლენის ერთ-ერთი მიზეზი მანამდე არსებულ ძალადობაზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებაც შეიძლება იყოს. მსგავსი შემთხვევების სწრაფი გამოძიება, დამნაშავეების გამოვლენა და კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრება იმავდროულად წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებას მომავალში ძალადობის თავიდან ასარიდებლად.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ასევე შეხვდა ინციდენტის შემდგომ პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაყვანილ პირებსაც. მათი განმარტებით, პოლიციის მხრიდან მათზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს მიმართა დაკითხვაზე მყოფი პირების ადვოკატმა და აცნობა, რომ პოლიცია მას არ აძლევდა ინფორმაციას მისი დაცვის ქვეშ მყოფების ადგილსამყოფელის შესახებ და არ ჰქონდა მათთან შეხვედრის შესაძლებლობა. აპარატის წარმომადგენელმა აღნიშნულ საკითხზე მოითხოვა განმარტება პოლიციის შესაბამისი განყოფილების უფროსისგან, თუმცა ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზების შესახებ პასუხი ვერ მიიღო.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ადეკვატური რეაგირების გარეშე არ დატოვონ ძალადობის არც ერთი გამოვლინება”,-აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.