ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომის პაპი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სიტყვით გამოვიდა

 

„მადლობას ვუძღვნი ყოვლისმპყრობელ ღმერთს, რომ შესაძლებლობა მომცა, ვწვეოდი ამ კურთხეულ მიწას, კულტურათა და ცივილიზაციათა შეხვედრისა და სასიცოცხლო ურთიერთიერთგაცვლის ადგილს, რომელმაც, მეოთხე საუკუნეში წმიდა ნინოს ქადაგებიდან მოყოლებული, ქრისტიანობაში ჰპოვა თავისი სიღრმისეული მეობა და საკუთარ ფასეულობათა მყარი საფუძველი.

როგორც წმიდა იოანე პავლე მეორემ თქვენს სამშობლოში სტუმრობისას განაცხადა, ქრისტიანობა იქცა იმ მარცვლად, რომლიდანაც შემდგომში აყვავდა ქართული კულტურა.  ამ მარცვალს კვლავაც მოაქვს თავისი ნაყოფი. მადლიერებით ვიგონებ რა ჩვენს შარშანდელ შეხვედრას ვატიკანში და იმ კეთილ ურთიერთობებს, რომლებსაც საქართველო მუდამ ინარჩუნებდა წმიდა საყდართან, გულითად მადლობას მოგახსენებთ, ბატონო პრეზიდენტო, სასურველი მოწვევისთვის, იმ თბილი მისასალმებელი სიტყვისათვის, რომლითაც მომმართეთ სახელმწიფოს ხელისუფლებისა და მთელი ქართველი ერის სახელით.

ამავე დროს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო წარმოგვიდგება ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, ხალხებს რომ აკავშირებს და ურთიერთობას უადვილებს, ხიდად, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შესაძლებელი გახადა გასხვავებულ სამყაროთა შორის, როგორც სავაჭრო ურთიერთობები, ასევე დიალოგი და აზრთა თუ გამოცდილებათა გაცვლა-გამოცვლა. თქვენი ეროვნული ჰიმნიც ხომ ამაყად გვეუბნება: “ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, განათებული მთა-ბარი წილნაყარია ღმერთთანა”. სამშობლო მართლაც ხატია, იერსახეს გვანიჭებს და ისტორიას გვისახავს. თავისუფალი, თუმცა არცთუ გადაულახავ კედლებად ცადაზიდული მთები კი ბრწყინვალებით აღავსებენ ხეობებსა და მინდორ-ველებს, ერთმანეთთან აკავშირებს მათ და, ამავე დროს, თავისებურად, ერთურთისგან განსხვავებულად წარმოგვიჩენენ თითოეულ მათგანს. ყველანი ერთად კი ერთ საერთო ცას უწყობენ ხმას, ზემოდან რომ დაჰყურებს და იფარავს მათ“, – აღნიშნა რომის პაპმა.

რომის პაპი საქართველოს საპატრიარქოში პატრიარქს შეხვდა.

იტვირთბა....