“საერთო იდეალების დასაცავად ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გაიღო მსხვერპლი. თქვენ იმყოფებით თბილისში, 100 000 წამებულისა და ქეთევან დედოფლის ქვეყანაში. საერთო ღირებულებებისათვის იბრძოდა ქართველთა მეფის, დავით აღმაშენებლის მხედრობა ჯვაროსნებთან ერთად იერუსალიმში, ხოლო დიდგორის ბრძოლაში, ჯვაროსანთა რაზმიც იდგა ქართველთა გვერდით. ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ევროპული ცივილიზაციის არამხოლოდ ნაწილი, არამედ ერთ-ერთი შემოქმედიცაა.
“ეს არის ოქროს საწმისის ქვეყანა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ასრულებდა ცივილიზაციების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელიც კულტურათა დიალოგის, განსხვავებულთა თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის სიმბოლოს წარმოადგენს. სწორედ ამ მდიდარ კულტურასა და ზოდაგსაკაცობრიო ფასეულობებზე დაყრდნობით 25 წლის წინ საქართველომ აღიდგინა ეროვნული დამოუკიდებლობა და დაიწყო თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. დღეს ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ჩვენს ისტორიულ მისიას და ვავითარებთ კავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ჩვენი ამოცანაა გავაღრმავოთ სივრცე საერთაშორისო თანამშრომლობისათვის, ხელი შევუწყოთ ადამიანებს შორის ურთიერთობების, კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის განვითარებას. თქვენო უწმინდესობავ, თქვენ იმყოფებით, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელიც დღეს უცხო ქვეყნის სამხედრო აგრესიის მსხვერპლია”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.