თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი.ნ., 1971 წელს დაბადებული კ.გ, 1988 წელს დაბადებული ი.ტ. და 1984 წელს დაბადებული მ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა წინასწარ შეიმუშავეს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღების გეგმა.
„მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, ი.ნ.-მ, ამავე ბანკის ინკასაციის თანამშრომელის, კ.გ-ს დახმარებით, პისტოლეტის ფორმის სანთებელას მუქარით, ბანკის მორიგე მოლარე-ოპერატორს დიდი ოდენობით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ყაჩაღობის ორგანიზებაში ასევე მონაწილეობდნენ ი.ტ. და მ.გ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ბანკიდან წაღებული თანხის დიდი ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტ-სანთებელა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოთხივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.